მიხეილ სააკაშვილის საქმე

წულუკიანი: ახსნან, რატომ დახარჯეს საკუთარი ინტერესებისთვის ხალხის თანხები

news.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, "სირცხვილია, თუკი დადგინდება, რომ სახელმწიფოს სახსრები, ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფული პირადი ინტერესებისთვის და მეგობრებისთვის იფლანგებოდა". წულუკიანი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის ბრალის დამძიმების ფაქტს გამოეხმაურა.

"ზოგადად, წარმომადგენლობითი ხარჯი ის ხარჯია, რომელსაც თანამდებობის პირი სახელმწიფოს ინტერესებისთვის სწევს. ალბათ, წარმომადგენლობით ხარჯად ვერ ჩაითვლება სახელმწიფოს თანხების მოხმარება, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი მიზნებისათვის. აქედან გამომდინარე, არ მიკვირს, რომ პროკურატურას აქვს ლეგიტიმური კითხვები და ეს კითხვები ბრალის წარდგენაში გამოხატა. მეუხერხულება კიდეც დავწვრილმანდე და ხაზი გავუსვა იმ ხარჯებს და ხარჯების მიზნებს, რაც გაწეულია ყოფილი პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნების მიერ, ფარული გრიფის ქვეშ. ვიტყოდი, რომ არის სირცხვილი, თუკი დადგინდა, რომ ეს ასეა. პროკურატურამ ჩათვალა, რომ ბრალის წაყენებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, გრიფი მოხსნილია კანონით დადგენილი წესით და ახლა უკვე ყველამ სასამართლოს წინაშე უნდა იმართლოს თავი და ხალხს აუხსნან, რატომ გასწიეს საკუთარი ინტერესებისა და მეგობრებისთვის ხალხის ჯიბიდან ამოღებული თანხები", - განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა. 

პროკურატურამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 8 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისთვის ბრალის დადგენილება გამოიტანა. ექსპრეზიდენტთან ერთად ბრალი წარედგინა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიასაც. პროკურატურამ წარმოადგინა უცხოეთში ვიზიტებისას ყოფილი პრეზიდენტის სასტუმროების, სტილისტების, მასაჟისტის, მზარეულის მომსახურების, ავტომანქანების, ვერტმფრენის, იახტის, ველოსიპედების დაქირავების ხარჯი. ასევე, პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შვიდი პიჯაკი, 1 ქაშმირის პალტო, ორი კოსტიუმი და ათი მაჯის საათი იყიდა.

კომენტარები