უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა

პრესსამსახური: პრეზიდენტის თქმით, უკრაინის მოვლენები 2008 წლის გაგრძელებაა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს გიორი მარგველაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ტელეფონით ისაუბრეს. ადმინისტრაციის ცნობით, "გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოსთან  კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ". პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღებით აკვირდება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს.

"მისი თქმით, სამწუხაროდ, უკრაინას ახლა სწორედ ის პრობლემები აქვს, რომელთა წინაშეც საქართველო 2008 წელს იდგა და უკრაინაში განვითარებული მოვლენები 2008 წლის გაგრძელებაა.  გიორგი მარგველაშვილმა ღრმა მწუხარება გამოხატა ადამიანური მსხვერპლისა და დევნილთა დიდი რაოდენობის გამო. ორი ქვეყნის ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობებიც განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს ქართველი და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული მეგობრული დამოკიდებულება. საუბარი ასევე შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობის საკითხსაც. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყანა კოორდინირებულად მოქმედებდეს საერთაშორისო არენაზე, მათ შორის, უელსის სამიტის ფარგლებში. ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორი ერის დამოუკიდებელი და თავისუფალი არჩევანი დაცული უნდა იყოს. განსაკუთრებული ყურადღება მათ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დროული იმპლემენტაციის საკითხს დაუთმეს. საუბრის დასასრულს, სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელ კოლეგას თანადგომა აღუთქვა" - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კომენტარები