სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ბაქრაძე: მოვუწოდებ მთავრობას, შეუერთდეს რუსეთისთვის გამოცხადებულ სანქციებს

wikipedia.org

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ შეშფოთება გამოთქვა, რუსეთისთვის გამოცხადებულ სანქციებზე საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებისა და კარლ ბილდტის შეფასებებზე ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხის გამო.

ბაქრაძის თქმით, ხელისუფლების პოზიციები წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის შეხედულებებთან და ეს სახიფათოა საქართველოსთვის. ბაქრაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, შეუერთდეს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის გამოცხადებულ სანქციებს. 

"განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონ ფანჯიკიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც, სანქციები არის კონტრპროდუქტიული და უშედეგო და საჭიროა სხვა გზების მოძებნა უკრაინის პრობლემის გადასაწყვეტად. სიმბოლურია, რომ ეს ყველაფერი დაემთხვა გუშინვე შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბატონი ობამას განცხადებას, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს წარმატებით და დაემთხვა NATO-ს გენერალური მდივნის, ბატონი რასმუსენის განცხადებას, რომ NATO წყვეტს ურთიერთობას რუსეთთან. ჩვენ მიგვაჩნია აუცილებლად, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სრულიად მკაფიოდ დააფიქსიროს, წყალგამყოფის რომელ მხარეს დგას ის - დგას ის ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორებთან - ევროპელებთან და ამერიკელებთან, თუ დგას ის პუტინის რუსეთის გვერდზე და მიიჩნევს, რომ დასავლეთის მიერ გატარებული სანქციები და ნაბიჯები არის უშედეგო და კონტრპროდუქტიული. ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და, რაც მთავარია, გააკეთოს ის, რაც დღემდე არ გაუკეთებია და საქართველო შეუერთდეს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს ან ამ სანქციების ნაწილს", - თქვა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გუშინ თქვა, რომ "სანქციები კრიზისიდან გამოსავალი არ არის".

კომენტარები