NATO-საქართველოს ურთიერთობა

კამერონი NATO-ს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

REUTERS

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი NATO-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, მეტი პრაქტიკული დახმარება გაუწიონ არაწევრ სახელმწიფოებს და სთავაზობს მათ, შეთანხმდნენ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, მათ შორის, საქართველოში.

„მაშინ როდესაც შეიარაღებულ ძალებში ფულს ვდებთ საკუთარ ქვეყნებში, მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა პრაქტიკული დახმარება გავუწიოთ სხვა ქვეყნებს, რომელთაც უსაფრთხოების გაძლიერება სჭირდებათ. ავღანეთის მაგალითზე ვისწავლეთ, თუ რა სასარგებლოა, როდესაც ქვეყანას ეხმარები, ააშენოს საკუთარი შეიარაღებული ძალები და უკეთესად დაიცვას თავისი რეგიონი. მინდა მოვუწოდო სხვა მოკავშირეებს, შევთანხმდეთ მსოფლიოს სხვა ნაწილებში ახალი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მისიებზე, მაგალითად, საქართველოსა და შუა აღმოსავლეთში", - ამბობს კამერონი მიმართვაში, რომლის ადრესატი ალიანსის წევრი სახელმწიფოებია.

მიმართვაში ბრიტანეთის პრემიერი უელსის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე საუბრობს. კამერონი ამბობს, რომ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა უელსის სამიტი უნდა გამოიყენონ და შეთანხმდნენ, თუ როგორ უპასუხონ არსებულ საფრთხეებს და უზრუნველყონ ყველა წევრის უსაფრთხოება. ერთ-ერთ მთავარ მიზნად კამერონი რუსული აგრესიის შეკავებას ასახელებს:

„რუსეთ-უკრაინის კრიზისის ფონზე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმ გრძელვადიან ზომებზე, რომლებიც გააუმჯობესებს ჩვენს უნარს, სწრაფად ვუპასუხოთ ნებისმიერ საფრთხეს, დავამშვიდოთ პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც თავიანთ უსაფრთხოებაზე ღელავენ და შევაკავოთ რუსული აგრესია ... უნდა შევთანხმეთ კონკრეტულ ქმედებებზე, მათ შორის, წვრთნების ახალ განრიგზე, საჭირო ინფრასტრუქტურაზე, აღჭურვილობისა და მარაგების წინასწარ განლაგებაზე, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების გაზრდაზე. ასევე უნდა გადავხედოთ რუსეთთან ჩვენს გრძელვადიან ურთიერთობას. მაშინ, როდესაც NATO მხოლოდ იმას ცდილობდა, რუსეთისთვის პატნიორი ყოფილიყო, ნათელია, რომ რუსეთი NATO-ს მეტოქედ აღიქვამს. უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ბოლო წლების თანამშრომლობა ამჟამად შეუძლებელია რუსეთის არალეგალური ქმედებების გამო და გადავხედოთ პრინციპებს, რომლითაც მასთან ურთიერთობისას ვხელმძღვანელობთ", - წერს კამერონი.

ამასთან, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი მოუწოდებს ალიანსის წევრ ქვეყნებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.

კომენტარები