მიხეილ სააკაშვილის საქმე

ბოკერია: საყურადღებოა, ვის უხარია და ვინ წუხს საქართველოს პრობლემებზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, "ქართული საზოგადოებისთვის, პირველ რიგში, საყურადღებოა ერთი ფაქტი - ვის უხარია და ვინ ზეიმობს იმ მოვლენების შემხედვარე, რაც საქართველოში ხდება და ვინ არის შეშფოთებული და ვის აქვს სერიოზული წუხილი ამ პრობლემასთან დაკავშირებით".

გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენების შესახებ ამერიკელი სენატორების შეშფოთებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ზეიმობს პუტინი, კრემლი და მისი პროპაგანდის ორგანოები, ხოლო შეწუხებულები არიან ჩვენი დიდი ხნის სტრატეგიული მეგობრები, რომლებსაც საქართველოსთვის ბევრი აქვთ გაკეთებული და კიდევ ბევრი უნდა გააკეთონ, თუ ჩვენ თვითონ ამას მოვინდომებთ".

ცნობისთვის, სენატორების ბენ კარდინის (დემოკრატი), ჯონ მაკკეინის (რესპუბლიკელი), ჯინ შაჰინის (დემოკრატი) და ჯიმ რიშის განცხადებით, "ქართველი ლიდერები ღრმად და სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ, თუ რა მიმართულებით მიჰყავთ თავიანთი ქვეყანა. დღევანდელი მოქმედება, სხვა მოქმედებათა მსგავსად, ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობის წინსვლას".

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს კი, ბრალდება საპატიმრო დაწესებულებებში წარუდგინეს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები