მიხეილ სააკაშვილის საქმე

ბაქრაძე: ხელისუფლება ჩქარობს, რადგან ეშინია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის

ხათუნა ხუციშვილი

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებით, დღეს ხელისუფლებამ გადადგა მორიგი ნაბიჯი დაანონსებული ცხელი ზაფხულისკენ. როგორც ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, "პროკურატურამ საზოგადოებას დეტალურად შეახსენა ჩვენთვის მართლაც მძიმე და დრამატული ფურცელი და ამის გახსენებით გამოწვეული ნეგატიური ემოციებით შეეცადნენ გადაეფარათ ის სიჩქარე და არაკვალიფიციურობა, რომლითაც ამ შემთხვევაშიც მოქმედებს საქართველოს გენერალური პროკურატურა და სამართალდაცვითი სისტემა".

დავით ბაქრაძის შეფასებით, ხელისუფლება ჩქარობს, რადგან არ დაიცვა ელემენტარული წესებიც კი, რომელიც მოქმედებს მოწმის იძულებით დაკითხვასთან დაკავშირებით.

"ხელისუფლება ჩქარობს, რადგან არ მისცეს მათივე ჩამოყვანილ საერთაშორისო ექსპერტებს მუშაობის და საქმეებთან გაცნობის საშუალება. ხელისუფლება ჩქარობს და ამ სიჩქარეს აქვს ერთადერთი გამართლება - ჩქარობს, რადგან ეშინია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის. ეს შიში კიდევ ერთხელ დაადასტურა ადგილობრივმა არჩევნებმა, როდესაც ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ, პრაქტიკულად, ყოველმა მესამე ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა ნაციონალურ მოძრაობას და ამით გამოხატა საკუთარი უკმაყოფილება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიმართ - გაზრდილი უმუშევრობის და კრიმინალის, გაუზრდელი პენსიების, გაჩერებული ეკონომიკის და ინფრასტრუქტურული პროექტების, შეუსრულებელი დაპირებების და იმ მუდმივი ანგარიშსწორების, დაპირისპირების და დევნის კურსის მიმართ, რომელსაც ატარებს ხელისუფლება ბოლო ორი წლის განმავლობაში", - განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ეს უნდა ყოფილიყო სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ ხალხს არ მოსწონს არსებული ვითარება და საჭიროა ზრუნვა უმუშევრობაზე, სამუშაო ადგილებზე, ეკონომიკაზე, ხალხის პრობლემებსა და იმაზე, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უკეთესად.

"სამწუხაროდ, ხელისუფლების დასკვნა აღმოჩნდა საპირისპირო და მათ გადაწყვიტეს უფრო ინტენსიურად ზრუნვა პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებაზე. მინდა, მოვუწოდო ყველა მომხრეს, ვისაც სურს მშვიდობიანი და განვითარებული ხვალინდელი დღე, იყავით მტკიცედ, მხნედ, ვერანაირი რეპრესიით, პროკურატურის განცხადებებით და საქმეებით, ვერცერთი ხელისუფლება ვერ შეძლებს ოპოზიციის დამარცხებას. ჩვენ მომავალშიც ვიქნებით ის ოპოზიცია, რომელიც მუდმივად ისაუბრებს არა საკუთარ პრობლემებზე, არა საკუთარ პასუხისგებაში მიცემულ ლიდერებზე, არა მათ წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებზე, არამედ ხალხის პრობლემებზე და არ მისცემს ხელისუფლებას საშუალებას, რომ იგნორირება მოახდინოს პრობლემების და გაჭირვების. მოგიწოდებთ უფრო ენერგიულად ბრძოლისკენ. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა დასრულდება წარმატებით შემდეგ არჩევნებზე. ეს წარმატება იქნება არა პარტიის წარმატება, არამედ თითოეული იმ ადამიანის გამარჯვება, ვისაც სურს, საქართველო იყოს განვითარებული, დასაქმებული, დამშვიდებული და გამთლიანებული ქვეყანა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენა. უწყების განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას".

მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი წაუყენეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები