სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ენმ: სააკაშვილი არ აპირებს, ჩაერთოს პუტინის და ივანიშვილის ერთობლივ თამაშში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, "ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება არის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პასუხი სააკაშვილის საერთაშორისო აქტიურობაზე, განსაკუთრებით, უკრაინაში, საქართველოს და უკრაინის საერთო მტრების წინააღმდეგ". საგანგებო განცხადება საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ენმ-ის წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს, ჩაერთოს ვლადიმირ პუტინის და ოლიგარქის ერთობლივ თამაშში და ბოლომდე იბრძოლებს საქართველოს თავისუფლებისთვის. ბიბილაშვილის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარების შესახებ გვიან ღამემდე არაფერი იცოდა საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესცენტრმა.

"ეს გვაფიქრებინებს, რომ უწყება რეალურად გაიგზავნა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციიდან, ხოლო პროკურატურა მხოლოდ შემდეგ ჩააყენეს საქმის კურსში" - აღნიშნავს ბიბილაშვილი.

ენმ-ის შეფასებით, "ნებისმიერი კეთილსინდისიერი ადამიანისთვის ნათელია, რომ ამ პროცესს სამართლებრივ საკითხებთან არავითარი კავშირი არ აქვს და ეს არის აშკარა პოლიტიკური დევნა". ზაზა ბიბილაშვილის თქმით, აღნიშნულს ადასტურებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის 23 მარტის განცხადება.

"საქართველოს წინა ხელისუფლებამ ქვეყნის ისტორიისთვის უპრეცედენტო და საერთაშორისო მასშტაბით სამაგალითო რეფორმები გაატარა. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის მთავარ ამოცანად სწორედ ამ გუნდის პოლიტიკური ლიდერის განადგურება რჩება. ხელისუფლება, რომელმაც ტოტალურად მოატყუა საქართველოს მოსახლეობა, რომლის ერთპიროვნული ლიდერი გაექცა პასუხისმგებლობას და კანონსმიღმა მდგარი, კულუარებიდან მართავს ქვეყანას, ცდილობს, ჩამოიშოროს თავისი ერთადერთი პოლიტიკური კონკურენტი. იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო გაერთიანებულია და ებრძვის პუტინის იმპერიას, გაზპრომის აქციონერი და საქართველოს რეალური ხელისუფალი ბიძინა ივანიშვილი რჩება პუტინის მოკავშირედ და აგრძელებს მისი ინტერესების გატარებას საქართველოში. ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს, ჩაერთოს ვლადიმირ პუტინის და ოლიგარქის ერთობლივ თამაშში და გააგრძელებს ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის ბოლომდე" - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარმა პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. უწყება მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჩაიბარა. ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე 28 ივლისს, ორშაბათს, 11:00-ზე უნდა გამოცხადდეს. უწყებაში მხოლოდ საქმის ნომერია მითითებული და არ არის დაკონკრეტებული, რა საქმეზე დაკითხავენ მიხეილ სააკაშვილს.

თავდაპირველად, მთავარი პროკურატურის პრესსამსახურმა ტაბულასთან საუბარში ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარების ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ ეს ძალიან ძველი ინფორმაციაა. მოგვიანებით კი, აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის უცხოელი სპეციალისტები მოიწვია და განაცხადა, რომ "ეს მნიშვნელოვანია მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიების წარმოების და პროცესის გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებისათვის". აღნიშნულ ფაქტზე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განცხადება გაავრცელა. პარტიის შეფასებით, "როგორც ჩანს, პროკურატურის შემდეგი სამიზნე ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილია, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს მსოფლიო ასპარეზზე უკრაინის მხარდასაჭერად და ჩართულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიაში". ენმ-ის განცხადებით, "პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილით შეპყრობილ მთავრობას, მაინც გადაწყვეტილი აქვს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის წამოწყება მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა, მაღალ პოლიტიკურ დონეზე, არა ერთხელ გააფრთხილეს საქართველოს მთავრობა, არ გადაედგათ ეს მცდარი ნაბიჯი". 

აქვე შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმე თვის წინაც დაიბარა. ყოფილი პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებას 28 მარტს, 13:00-ზე ათ საქმესთან დაკავშირებით უნდა დაეკითხა. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტზე ძებნა გამოცხადდებოდა, მოგვიანებით კი განმარტა, რომ "მე მოვლენებს გავუსწარი".

ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე საქართველოში არ ჩამოსულა. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად დაკითხვა შესთავაზა SKYPE-ის მეშვეობით. მიხეილ სააკაშვილმა ამაზეც უარი თქვა. მოგვიანებით კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ჩვენებას SKYPE-ის მეშვეობით, სასამართლოში მისცემს.

კომენტარები