ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საია თავისუფლების შეზღუდვის გადავადებაზე კანონპროექტს უარყოფითად აფასებს

კანონპროექტს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას და თავისუფლების შეზღუდვის, როგორც სასჯელის ერთ-ერთი სახის ამოქმედების 2 წლით გადავადებას ითვალისწინებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უარყოფითად აფასებს. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს, სრული პასუხისმგებლობით მოეკიდონ ახალი ვადის განსაზღვრის საკითხს და არ გააჭიანურონ თავისუფლების შეზღუდვის ამოქმედება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის განხილვისას, ასევე იმსჯელონ აუცილებელი ფინანსური რესურსის გამოყოფის საკითხზე.

"მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი, მისი მიღების დღიდან (1999 წელი) სასჯელის სხვა სახეებთან ერთად თავისუფლების შეზღუდვასაც ითვალისწინებს. თუმცა, გარდამავალი დებულების მიხედვით, ის ამოქმედდებოდა ”სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის მოხდის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დღიდან“. აღნიშნულ გარდამავალ დებულებაში 2013 წლის 4 ოქტომბერს შესული ცვლილებით განისაზღვრა, რომ სასამართლო თავისუფლების შეზღუდვას დანიშნავდა 2015 წლის 1 იანვრიდან, ხოლო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო თავისუფლების აღკვეთის მოუხდელ ნაწილს თავისუფლების შეზღუდვით შეცვლიდა 2013 წლის 1 ნოემბრიდან. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში მითითებული იყო, რომ „კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან“. წინა ცვლილების განხორციელებიდან 9 თვის შემდეგ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც თავისუფლების შეზღუდვის ამოქმედების ვადის 2 წლით, 2017 წლის 1 იანვრამდე გადაწევას ითვალისწინებს. ამჯერად, განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ „ნორმის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა ობიექტური პრობლემები. [...] დარჩენილ დროში შეუძლებელია თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების შექმნა [...] ამასთან, ჯერჯერობით არ არსებობს არც შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის შესაძლებლობა.“ მიგვაჩნია, რომ მოცემული შემთხვევა ავლენს იმ ხარვეზებს, რომლითაც საკანონმდებლო პროცესი თუ სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავების პროცედურები ხასიათდება საქართველოში" - აცხადებს საია და აღნიშნავს, რომ თავისუფლების შეზღუდვა არასაპატიმრო სასჯელს წარმოადგენს და მსჯავრდებულისათვის შედარებით თავისუფალ რეჟიმს ითვალისწინებს, რაც ცალკეულ შემთხვევებში მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნის მიღწევის უკეთეს საშუალებას წარმოადგენს.

"აღნიშნული სასჯელის აღსრულების განმავლობაში მსჯავრდებულები იმყოფებიან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, რომლის ტერიტორიაზეც მათ თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ. როგორც წესი, არასამუშაო და უქმე დღეებში ისინი გადიან დაწესებულებიდან. დაწესებულების დატოვება მსჯავრდებულს შეუძლია უფლებამოსილი პირის ნებართვის საფუძველზე, იმ შემთხვევაშიც, თუ მუშაობს, სწავლობს და ა.შ. დაწესებულებაში მოქმედებს საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამები და სხვა. დღემდე, სასამართლოებს არ აქვთ შესაძლებლობა სასჯელის სახით დანიშნონ თავისუფლების შეზღუდვა, რაც აუარესებს მსჯავრდებულების სამართლებრივ მდგომარეობას და ზღუდავს თავად მოსამართლის დისკრეციის ფარგლებსაც" - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ხოლო ავტორი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კომენტარები