მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება

ავსტრალიამ შესაძლოა პუტინი G20-ის სამიტზე აღარ მიიწვიოს

ტონი აბოტი - ავსტრალიის პრემიერმინისტრი
themoscowtimes.com

მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, შესაძლოა ავსტრალიამ დიდი ოციანის სამიტზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევა გააუქმოს, რომელიც 2014 წლის ნოემბერშია დაგეგმილი. ამის შესაძლებლობა ავსტრალიის პრემიერმინისტრმა ტონი აბოტმა ჟურნალისტებთან საუბარში არ გამორიცხა.

"ჩვენ უნდა მოვიცადოთ, მაგრამ ერთ რამეში მსურს დაგარწმუნოთ: ავსტრალია წესიერი სახელმწიფოა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ სტუმრებს კარგი დამოკიდებულება აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ... ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიმედოვნოთ, რომ ასე იქნება უახლოეს კვირებსა და თვეებში" - განაცხადა მან.

აბოტი რუსეთისგან ტრაგედიის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს. "ყველა ნიშანი ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს იმ ტერიტორიიდან, რომელსაც პრორუსი მებრძოლები აკონტროლებენ, ალბათ, იმ იარაღიდან, რომელსაც მათ რუსები აწვდიდნენ" - აღნიშნა პრემიერმა.

ავსტრალიის მთავრობამ რუსეთის პოზიციას "ღრმად, ღრმად, არადამაკმაყოფილებელი" უწოდა და მომხდარს ”აღუწერელი დანაშაული” უწოდა. სხვადასხვა მონაცემებით ბორტზე, რომელსაც 298 ადამიანი ემსხვერპლა, 27-28 ავსტრალიელი იმყოფებოდა.

პრემიერმინისტრის განცხადებით, თვითმფრინავთან დაკავშირებული სასიკვდილო ინციდენტი, არ არის "უბრალოდ ტრაგედია" და თუ მასში რუსეთის მონაწილეობა დამტკიცდება, რისი ნიშნებიც იკვეთება, ფედერაციას მოუწევს უდიდესი ფასის გადახდა.

ავსტრალიაში დღეს, შაბათს, 19 ივლისს, გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

 

კომენტარები