კრიმინალური ქურდი

ენმ: კრიმინალი მართავს ამ ქვეყანას და მთავრობა მალე უნდა მოეგოს გონს

news.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირმა ნადირაშვილის შეფასებით, "კრიმინალი საქართველოში თავს თავისუფლად და დაუსჯელად გრძნობს". ნადირაშვილი გოგა ონიანის დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ადვოკატმა განაცხადა, რომ ტელეფონზე დაურეკეს და მისი, გიგა ბოკერიას და აკო მინაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორებით დაიმუქრნენ.

"ჩემთვის შემაშფოთებელია ის, რომ არც კი ჩათვალეს საჭიროდ მობილური ტელეფონის ნომრის დაფარვა. ეს მიგვანიშნებს ერთადერთ რამეზე, რომ კრიმინალი ამ ქვეყანაში თავს გრძნობს თავისუფლად, დაუსჯელად. ეს არც არის გასაკვირი, როცა არის ეჭვი, რომ ვიცეპრემიერი კახა კალაძე თვითონ უზრუნველყოფს კანონიერი ქურდების გაცილებას საქართველოში და შემდეგ მათ გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან. აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის ეს ქმედებები. შემაშფოთებელია ის, რომ ეს ვერ იქნება მხოლოდ ენმ-ის პრობლემა. ეს ხვალ და ზეგ საქართველოში ყველა ოჯახს შეეხება. არ ვაპირებთ, რომ ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დავტოვოთ, მომზადებული გვაქვს საჩივარი და ამ მუქარის თაობაზე ხელახლა მივმართავთ პროკურატურას. რომ ვთქვა, რომ რამის იმედი მაქვს, მოვიტყუები, რადგან ხელშესახები ფაქტები არსებობდა - უკრაინის შსს-ს განცხადება, კონსულის განცხადება, რომ ადამიანი ჩასვეს თვითმფრინავში და გამოუშვეს. ამის მიუხედავად, გამოძიებაზე უარი მივიღეთ. ვთვლი, რომ ახლა არის ეტაპი, როდესაც კრიმინალი მართავს ამ ქვეყანას და მთავრობა მალე უნდა მოეგოს გონს და ეს ყველაფერი აღკვეთოს", - განაცხადა ნადირაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ადვოკატ გოგა ონიანს ტელეფონით დაემუქრნენ და უთხრეს, რომ მას, გიგა ბოკერიას და აკაკი მინაშვილს ფიზიკურად გაუსწორდებიან. ამის შესახებ ონიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა და აღნიშნა, რომ მას ე.წ. რემენას საქმეზე პროკურატურის პასუხის გასაჯაროების შემდეგ დაურეკეს. პროკურატურის მტკიცებით, 1997 წლის შემდეგ, საქართველოში კანონიერი ქურდი რომან ბარბაქაძე, ე.წ. რემენა არ შემოსულა.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 26 ივნისს გავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა უკრაინიდან დეპორტირებული კანონიერი ქურდი რომან ბარბაქაძე (რემენა) აეროპორტიდან გააპარეს. პარტიის ინფორმაციით, გენინსპექციის თანამშრომლებმა კანონიერი ქურდის მომლოდინე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ვიცეპრემიერ კახა კალაძის დავალებით მოქმედებდნენ. ირმა ნადირაშვილის თქმით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ ბარბაქაძე არა ე.წ. კანონიერი ქურდი, არამედ ბიზნესმენი იყო, "დახვდნენ მას ტრაპთან და ისე გაიყვანეს აეროპორტიდან, რომ მის მიერ საზღვრის კვეთაც არ დაფიქსირებულა". პარტიის ინფორმაციით, რომან ბარბაქაძე აეროპორტის ტერიტორიიდან S-კლასის მერსედესით (სახელმწიფო ნომრებით ZQZ-222) გაიყვანეს, რომელიც მოქალაქე მარინა დოლიძე-კეჭაყმაძის (დაბადებული 1970 წელს) მფლობელობაში იმყოფება. დეპუტატის ინფორმაციით, მარინა დოლიძის მეუღლე ილია კეჭაყმაძე საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ვიცეპრემიერის კუთვნილებაში მყოფი ბანკის - პროგრეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, ასევე, KALA CAPITAL LIMITTED-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და შპს კალა კაპიტალის დირექტორი. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კრიმინალური ავტორიტეტის საქართველოში დეპორტაციისა და "თბილისის აეროპორტიდან მისი გაქრობის" საქმეზე ვიცეპრემიერის კახა კალაძის დაკითხვა მოითხოვა.

კომენტარები