საომარი მოქმედებები ისრაელში

ისრაელი ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს საცხოვრებლის დატოვებისკენ მოუწოდებს

ოფიციალური ისრაელი ღაზის სექტორის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ პალესტინელებს საცხოვრებლის დატოვებისკენ მოუწოდებს. ეგვიპტის შეთავაზება დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაზავების შესახებ ჩავარდა, რადგან ჰამასმა სარაკეტო თავდასხმა არ შეწყვიტა. ამის გამო კი ისრაელმა ცეცხლის გახსნა განაახლა. ისრაელის პრემიერმინისტრის ბინიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს სხვა გზა არ ჰქონდა დარჩენილი.

ოფიციალური პალესტინის ცნობით, საომარი მოქმედებებისას დაღუპულია 205 პალესტინელი. ჰამასმა კი ისრაელის სამხრეთი და ცენტრალური ნაწილის მიმართულებით ჯამში 1200 რაკეტა გაუშვა.

თურქეთის პრემიერმინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელს ტერორისტულ სახელმწიფოს უწოდებს.

"ისრაელი ვერ ხედავს, ვერ გრძნობს და არ ესმის, რა ხდება. ისრაელი იქცევა, როგორც გაფუჭებული ბავშვი. ერთ მხარეს ადამიანები კვდებიან, როცა მეორე მხარეს ისრაელელები ცეკვავენ ბედნიერებისგან. საერთაშორისო კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების უკუგდებით, ისრაელი აგრძელებს იყოს ტერორისტული სახელმწიფო და არავინ ჩვენ გარდა, არ მოუწოდებს მათ, გაჩერდნენ. სისტემატური ჩაგვრა, ხოცვა, გენოციდი, რომელსაც პალესტინაში 1948 წლიდან ახორციელებს, დაუსჯელი არ დარჩება", - თქვა ერდოღანმა პრესკონფერენციაზე.

ისრაელმა ოპერაცია ჰამასის წინააღმდეგ 8 ივლისს დაიწყო. ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების მიზეზი, მისი სამხრეთ რეგიონების დაბომბვა გახდა. 7 ივლისს, ისრაელის ხელისუფლებამ ნება დართო არმიას, ჰამასის მებრძოლებისთვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.

კონფლიქტის ესკალაცია ისრაელის სამი მოქალაქის გატაცებითა და მკვლელობით დაიწყო, რომელსაც საპასუხოდ უცნობი პირების მხრიდან პალესტინელი არასრულწლოვნის მოკვლა მოჰყვა. ჰამასმა პალესტინელის მკვლელობაში ისრაელი ჯარისკაცები დაადანაშაულა და მათ შურისძიებას დაჰპირდა.

გაეროს მონაცემებით, დაღუპულთა შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

კომენტარები