საჯარო მოხელეები

უგრეხელიძე: მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს სამსახურის დაკარგვა ემუქრებათ

თბილისის ყოფილი ვიცემერის და ახალი საკრებულოს წევრის სევდია უგრეხელიძის ინფორმაციით, ყველა მუნიციპალიტეტის თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლების საფრთხის წინაშეა. როგორც უგრეხელიძე ამბობს, ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომელთა სავალდებულო ატესტაციას გეგმავს.

"მინდა ვუთხრა ყველა მუნიციპალიტეტის თანამშრომელს, მათ ელით ძალიან დიდი საფრთხე და არავითარი მნიშვნელობა არ ექნება მათ პოლიტიკურ შეხედულებებს. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების მამას, შერგელაშვილს, ახალი რაღაც შემოაქვს, ჯერ არ ვიცით, რა სახით, რა ფორმით და ამბობს, რომ სავალდებულო ატესტაცია ჩატარდება ყველგან. ეს ხომ იგივეა, მეგობრებო. სავალდებულო ატესტაცია ნიშნავს - "არ გავივლი, გამაგდებენ". რატომ უნდა გავიარო, როდესაც, რამდენიმე თვის წინ გაიარა ამ თანამშრომელმა. ადამიანის ფსიქოლოგია ისეთია, პოლიტიკურად ჩართული თუ იყო ჩვენთან, ასეთივე წარმატებით იქნებიან მაგათთანაც იგივე ადამიანები. ეს არის ადამიანის ბუნება და მინდა, ვურჩიო ბატონ ნარმანიას, რომ მათ ეს ადამიანები ყველზე მეტად გამოადგებათ. მათ იციან ის არჩევნებიც, ყველაფერიც. თუ ასეთი ხალხი არის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი ხალხი მერიაში უკვე აღარ არის", - თქვა უგრეხელიძემ.

სევდია უგრეხელიძე ახლადარჩეულ საკრებულოში მიმდინარე პროცესების შესახებაც საუბრობს. როგორც უგრეხელიძე ამბობს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის წარმომადგენლის არჩევა არ იგეგმება. უგრეხელიძის ინფორმაციით, საკრებულოს ახალი უმრავლესობა ნაციონალურ მოძრაობასთან კონსულტაციებს არ აწარმოებს. მისი თქმით, წინა მოწვევის საკრებულოსგან განსხვავებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს არც კომისიების თავმჯდომარეებად აირჩევენ.

პარლამენტმა 29 მაისს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში გაუქმა ნორმა, რომლის თანახმად,  მორიგი მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე  მოვალეობის შემსრულებლად ჩაითვლებოდა. საკანონმდებლო ცვლილების მიღებამდე აღნიშნული ნორმის გაუქმების მოთხოვნით სახალხო დამცველმა და თბილისის მერიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. 

კომენტარები