გიგი უგულავას საქმე

მერაბიშვილი: ხელისუფლების მართულმა მოსამართლეებმა წამზომი მათვე ჩაურთეს

www.ipn.ge

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის შეფასებით, "გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის მისჯით და მისთვის აპელაციაზე უარის თქმით, ხელისუფლების მიერ მართულმა მოსამართლეებმა ამავე ხელისუფლებას ქვეყნის სათავეში ყოფნის წამზომი ჩაურთეს". როგორც მერაბიშვილი FACEBOOK-ზე წერს, ის, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერების დაკავება ენმ-ს ვერ გააჩუმებს და გაანადგურებს, ხელისუფლების გარდა უკვე ყველასთვის ნათელია.

"ნათელია ისიც, რომ გიგი უგულავას პატიმრობა ვერ გატეხავს და მხოლოდ გააძლიერებს მას. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებები სამწუხაროდ კიდევ ერთ შავ ლაქად დარჩება ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდის მოღვაწეობაში. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, მიუხედავად იმისა, ვიქნებით ციხეში თუ ციხის გარეთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დღეს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის წამზომზე დრო რაც შეიძლება მალე გავიდეს" - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას ადვოკატების სარჩელი აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შესახებ დაუშვებლად ცნო. გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების სახით მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები