ედუარდ შევარდნაძე

მიხეილ სააკაშვილი: ედუარდ შევარდნაძე მნიშვნელოვანი მოღვაწე იყო

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მე-2 პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„ედუარდ შევარდნაძე იყო მნიშვნელოვანი მოღვაწე საბჭოთა იმპერიისა და პოსტსაბჭოთა საქართველოსთვის, რომლის როლის უფრო ზუსტ შეფასებაზე ისტორიასა და ისტორიკოსებს კიდევ დიდხანს მოუწევთ მუშაობა“, - წერს სააკაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.

„2003 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, მის სისხლის სამართლებრივ დევნაზე კატეგორიული უარი ვთქვით, რადგან პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტსა და ქვეყნის იმიჯს. უფრო მეტიც, ჩემი განკარგულებით მას შეუნარჩუნდა სახელმწიფო რეზიდენცია და პრეზიდენტის სხვა პრივილეგიები, ვფიქრობ, ეს სწორი იყო. ამ აზრზე ვრჩები მას შემდეგაც კი, რაც თავად პრეზიდენტი შევარდნაძე პრესის საშუალებით მუდმივად მოუწოდებდა საქართველოს ახალ მთავრობას, რომელსაც აქტიურად უჭერდა მხარს, ჩემი და ჩემი მომხრეების დევნისა და დაპატიმრებისკენ“, - ნათქვამია სააკაშვილის Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, დღეს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გვერდით, არის ქვეყნის მე-2 პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის კუთხეც.

როგორც ტაბულას შევარდნაძის პრესსამსახურში უთხრეს, შევარდნაძე 12:00-ზე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები