გიგი უგულავას საქმე

უგულავა: პროკურატურამ წინასწარ იცოდა, როგორ განეხილა საქმე გოგინაშვილს

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას განცხადებით, პროკურატურამ ხელოვნურად მოახდინა ინსპირირება, რომ მისი აღკვეთის ღონისძიების საკითხი მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს განეხილა. თბილისის ყოფილმა მერმა არასამთავრობო ორგანიზაციებს და იურისტებს მოუწოდა, შეისწავლონ პარასკევს შეტანილი შუამდგომლობის რიგითობა.

"პროკურატურამ წინასწარ იცოდა როგორ შეეტანა შუამდგომლობა, რომ საქმე გოგინაშვილს დაწეროდა. ეს განაწილება არის ხელოვნურად ინსპირირებული. ამ მოსამართლეს ნამსჯელი აქვს ამ საქმესთან და ჩემს ქვისლს შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. არ შეიძლება ერთმა მოსამართლემ მთელი ოჯახის საქმე განიხილოს, მეურვეები გაუშვას ციხეში და 8 ბავშვი დატოვოს მეურვეების გარეშე", - განაცხადა უგულავამ საქალაქო სასამართლოში იმედისა და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე.

ცნობისთვის, გიგი უგულავა აეროპორტში დააკავეს და კიდევ ორი ახალი ბრალი წაუყენეს (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და მარნეულის ეპიზოდი). მას აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, რასაც სასამართლოსთან დაპირისპირება მოყვა. ინციდენტის დროს, პოლიციამ ცხრა ადამიანი დააკავა, მათ შორის, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი და თბილისის ყოფილი მერი კოტე გაბაშვილი. ბეჟაშვილი სამ საათში გაათავისუფლეს. სხვა დაკავებულებს სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო ბეჟაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება.

კომენტარები