დაპირისპირება სასამართლოსთან

კოჟორიძე: პარლამენტის დეპუტატის ლევან ბეჟაშვილის დაკავება უკანონო იყო

პარლამენტის დეპუტატის ლევან ბეჟაშვილის დაკავება უკანონო იყო - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი ამბობს, რომ დეპუტატის დაკავება პარლამენტის თანხმობის გარეშე არის აკრძალულია. გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც დეპუტატს დანაშაულზე წაასწრებენ.

”შს სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან ვიცით, რომ დაკავებულები იყვნენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო. ანუ ლევან ბეჟაშვილის დაკავება მოხდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და არა დანაშაული გამო. კონსტიტუცია კრძალავს დეპუტატის ამგვარად დაკავებას და გამოდის, რომ ეს დაკავება არის უკანონო და შესაძლოა, რომ ამ ქმედებაში იყოს დანაშაულის ნიშნები” - განაცხადა საიას თავმჯდომარემ.

კოჟორიძის განცხადებით სამართალდამცველებმა უნდა დაიწყონ საქმის გამოძიება და შეისწავლონ იმ სამართალდამცველების ქმედება, რომლებმაც დეპუტატი დააკავეს. მისი თქმით ეს საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს და როგორც მინიმუმ დეპუტატებმა განცხადებები უნდა გააკეთონ.

საიას თავმჯდომარე ასევე საუბრობს იმაზე, რომ შესაძლოა პოლიციელებმა არ იცოდნენ იმის შესახებ, რომ ბეჟაშვილი პარლამენტარი იყო, მაგრამ შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ბეჟაშვილი დაკავებულია.

”წარმოუდგენელი და დაუჯერებელია რომ შსს არ სცოდნოდა იმის შესახებ, რომ ბეჟაშვილი პარლამენტარია. ეს არასერიოზული განმარტება იქნება” - განაცხადა კოჟორიძემ.

კოჟორიძე სხვა დაკავებულ პირებსაც შეეხო. ის პოლიციის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

”ჩვენი ინფორმაციით დანარჩენ დაკავებულ პირთა ნაწილი არც იგინებოდა არც რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი მათი მხრიდან და მათი დაკავება გაურკვეველია. პოლიციის ქმედებები რიგ შემთხვევაში უარყოფი შეფასებებს იმსახურებს. განსაკუთრებით ლაშა რუხაიას შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო ადამიანი საავადმყოფოდან გამოიყვანეს” - განაცხადა კოჟორიძემ.  

კახა კოჟორიძე გიგი უგულავას დაკავებასაც გამოეხმაურა და საიას გუშინდელ განცხადება გაიხსენა სადაც ნათქვამია, რომ უგულავას საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველი ორგანოების მოქმედება მოკლებული იყო დამაჯერებლობას და არ იყო სათანადოდ დასაბუთებული.

გიგი უგულავას გუშინდელი პროცესის შემდეგ, სადაც მას მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, სასამართლოს შენობასთან შეხლა-შემოხლა მოხდა. ჩხუბის დროს დააკავეს კონსტანტინე გაბაშვილი, გოჩა დარჯანია, დავით გოგოხია, ლაშა ჭიღლაძე, ირაკლი ჩხვირკია, ალექსანდრე ბედოიძე, ხვიჩა სუხიშვილი და ლაშა რუხაია. აღნიშნული პირების დაკავება მოხდა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ჯარიმას ითვალისწინებს. ინცინდენტისას დააკავეს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილიც, რომელიც შემდგომ გაათავისუფლეს.

კომენტარები