NATO-საქართველოს ურთიერთობა

საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი დღეს NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში სორინ დუკარუს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური პერსპექტივა განიხილეს და NATO-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო სექტემბერში დაგეგმილ NATO-ს სამიტს, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიმართება. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნულ სამიტზე სათანადოდ აისახება ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია. NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ალიანსის პროგრამებში მონაწილეობისთვის.

„ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა მომავალი სამიტის დღის წესრიგზე და მადლობა გადამეხადა NATO-ს მოკავშირეთა სახელით საქართველოს წვლილისთვის ავღანეთის ოპერაციებში, ასევე იმ განცხადებისთვის, რომ თქვენი ქვეყანა ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგაც მიიღებს მონაწილეობას ჩვენს პროექტებში, ხოლო 2015 წლიდან - NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების ოპერაციებში. რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მიღწევები, რომელიც აისახა კიდეც ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში და ის პროგრესი, რომელიც მიღწეულია NATO-სთან დაახლოების მიმართულებით“, - განაცხადა სორინ დუკარუმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით კი, საქართველო მზად არის ითანამშრომლოს NATO-სთან ყველა, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით.

"აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრევრებას გეგმავს, რაც დიდად შეუწყობს ხელს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას. შეხვედრისას მხარეებმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. სორინ დუკარუმ დადებითად შეაფასა ჩვენი ქვეყნის მიერ ამ თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები. სორინ დუკარუმ საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მიულოცა", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები