ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას დაკავება იყო დემონსტრირება იმისა, რომ ქვეყანას აშენებს ბიძინა ივანიშვილი და მისი "პოლიტიკური მონები" და ყველაფერი დამოკიდებულია "ოლიგარქისა და პოლიტიკური ავანტიურისტის კაპრიზებზე".
"მოხდა კიდევ ერთი, ყველაზე უფრო თვალნათელი დემონსტირება იმის, რა ქვეყანას აშენებს ივანიშვილი და მისი პოლიტიკური მონები. ეს არის ქვეყანა, სადაც კანონს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სადაც ამ ოლიგარქის და პოლიტიკური ავანტიურისტის კაპრიზებზეა ყველაფერი დამოკიდებული. კიდევ იმის დემონსტრირებისთვის, რომ მას შეუძლია, პოლიტიკურ ოპონენტს აუკრძალოს გადაადგილება; გაგზავნოს სიგნალი, რომ ყველაფერი შეიძლება, გაუვიდეს; რომ პოლიტიკურ დევნას წინ ვერაფერი დაუდგება. შედეგი დახვდებათ წინ, თავად ივანიშვილსაც. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ეწირება ჩვენი დემოკრატია", - თქვა ბოკერიამ.
24 საათი არაა გასული, რაც სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა, უგულავა აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ის დღეს დილით კიევში მიფრინავდა, თუმცა, მას გაფრენის საშუალება არ მისცეს.
უწყების თანამშრომლებმა უგულავას დაკავება გადაუდებელი აუცილებლობით ახსნეს. უგულავა ამ დროისთვის ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება.
გიგი უგულავა კიევში უკრაინის პატრიარქ ფილარეტთან შესახვედრად მიფრინავდა. ის უკან დაბრუნებას დღეს საღამოს აპირებდა, მან ჟურნალისტებს უკან დასაბრუნებელი ბილეთიც აჩვენა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად 50-ათასლარიან გირაოს, ასევე, პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას ითხოვდა.
უგულავა მოწმის სახით დასაკითხად პროკურატურაში 4 ივლისს დილის 10:00 საათზე დაიბარეს, ის წინა ღამეს გეგმავდა ქვეყანაში დაბრუნებას.





