კანონიერი ქურდი

ჭიკაიძე: ბატონი კახის დაკითხვა ვიღაცის განცხადების გამო, ცოტა არასერიოზულია

ალექსანდრე ჭიკაიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, "ცოტა არასერიოზულია ჩემი მხრიდან ამ კომენტარის გაკეთება, რომ ქურდებმა და ქურდული ტრადიციების მიმდევრებმა საქართველოში თავი წამოყონ". ჭიკაიძე კრიმინალური ავტორიტეტების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

შს მინისტრის თქმით,  "მათ წინააღმდეგ ჩვენი დანაყოფები აქტურად, დაუნდობლად იბრძვიან და გამორიცხულია ასეთი რამე. რემენაზე და ვიღაცეებზე საუბარი ცოტა არასერიოზულია ჩემი მხრიდან და კომენტარს არც გავაკეთებ".

კითხვაზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნის საფუძველზე, დაკითხავენ თუ არა ვიცეპრემიერ კახი კალაძეს, ჭიკაიძემ უპასუხა, რომ "ბატონი კახის დაკითხვა ვიღაცის განცხადების გამო, ცოტა არასერიოზულია".

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 26 ივნისს გავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა უკრაინიდან დეპორტირებული კანონიერი ქურდი რომან ბარბაქაძე (რემენა) აეროპორტიდან გააპარეს. პარტიის ინფორმაციით, გენინსპექციის თანამშრომლებმა კანონიერი ქურდის მომლოდინე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ვიცეპრემიერ კახა კალაძის დავალებით მოქმედებდნენ. ირმა ნადირაშვილის თქმით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ ბარბაქაძე არა ე.წ. კანონიერი ქურდი, არამედ ბიზნესმენი იყო, "დახვდნენ მას ტრაპთან და ისე გაიყვანეს აეროპორტიდან, რომ მის მიერ საზღვრის კვეთაც არ დაფიქსირებულა". ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამ საკითხზე კახი კალაძის დაკითხვას ითხოვს.

გუშინ კი, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოში უპრობლემოდ შემოუშვეს კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, მეტსახელად ლავას-ოღლი.

კომენტარები