კანონიერი ქურდი

UNM: კანონიერი ქურდი კალა კაპიტალის დირექტორის მეუღლის მანქანით გააპარეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კრიმინალური ავტორიტეტის რომან ბარბაქაძის (რემენა) საქართველოში დეპორტაციისა და "თბილისის აეროპორტიდან მისი გაქრობის" საქმეზე ვიცეპრემიერის კახა კალაძის დაკითხვას ითხოვს. პარტიის განცხადებით, "საქართველოს ხელისუფლებისა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების ასეთი თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას". ირმა ნადირაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქმის ახალ დეტალებზე ისაუბრა და "საქართველოს კანონმდებლობის უხეშად დარღვევის ფაქტის" სასწრაფოდ გამოძიება მოითხოვა. მისი თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შესწავლონ საზღვრის გადმოკვეთის ინფორმაცია, თბილისის აეროპორტის არსებული კამერების ჩანაწერები და დასაჯონ დანაშაულის ყველა მონაწილე.

ირმა ნადირაშვილის თქმით, რომან ბარბაქაძე აეროპორტის ტერიტორიიდან S-კლასის მერსედესით (სახელმწიფო ნომრებით ZQZ-222) გაიყვანეს, რომელიც მოქალაქე მარინა დოლიძე-კეჭაყმაძის (დაბადებული 1970 წელს) მფლობელობაში იმყოფება. დეპუტატის ინფორმაციით, მარინა დოლიძის მეუღლე ილია კეჭაყმაძე საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ვიცეპრემიერის კუთვნილებაში მყოფი ბანკის - პროგრეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, ასევე, KALA CAPITAL LIMITTED-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და შპს კალა კაპიტალის დირექტორი.

"ცოლ-ქმარმა წინასაარჩევნოდ ბლოკ ქართულ ოცნებას 80 000 ლარი შესწირეს - ილია კეჭაყმაძე 2014 წლის 15 აპრილს 60 000 ლარი და მარინა დოლიძე-კეჭაყმაძე 2014 წლის 13 მაისი 20 000 ლარი. აქვე შეგახსენებთ, რომ პროგრეს ბანკში უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა საქართველოს პრემიერის სიმამრს თამაზ თამაზაშვილს უკავია", - განაცხადა ნადირაშვილმა და აღნიშნა, რომ უკვე გასაგებია, რატომ აუკრძალა შსს გენერალურმა ინსპექციამ ძებნილი და დეპორტირებული კრიმინალური ავტორიტეტის დაკავება კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 26 ივნისს გავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა უკრაინიდან დეპორტირებული კანონიერი ქურდი რომან ბარბაქაძე (რემენა) აეროპორტიდან გააპარეს. პარტიის ინფორმაციით, გენინსპექციის თანამშრომლებმა კანონიერი ქურდის მომლოდინე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ვიცეპრემიერ კახა კალაძის დავალებით მოქმედებდნენ. ირმა ნადირაშვილის თქმით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ ბარბაქაძე არა ე.წ. კანონიერი ქურდი, არამედ ბიზნესმენი იყო, "დახვდნენ მას ტრაპთან და ისე გაიყვანეს აეროპორტიდან, რომ მის მიერ საზღვრის კვეთაც არ დაფიქსირებულა".

გუშინ კი, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოში უპრობლემოდ შემოუშვეს კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, მეტსახელად ლავას-ოღლი.

კომენტარები