კარლ ბილდტის ვიზიტი

ბილდტი: ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა - შერჩევით სამართალს არავინ მოითმენს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ტაბულამ ბილდტს ჰკითხა - ”საქართველოს დამოუკიდებლობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ძლიერი პროდასავლური კლასის, მათ შორის, ოპოზიციის არსებობას. ერთადერთი ქმედითი პროდასავლური ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობაა. თუმცა, როგორც ბევრი დამკვირვებელი და ნაციონალური მოძრაობის წევრი აცხადებს, პარტიის წევრები პოლიტიკურ დევნის და შერჩევითი სამართლის სამიზნეები არიან. რა საერთაშორისო მექანიზმები არსებობს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების შესაკავებლად განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი? როგორ ავიცილოთ თავიდან რისკი, რომ საქართველოს მთავრობა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ამგვარი პოლიტიკისთვის მწვანე შუქის ანთებად არ ჩათვლის”. 

ბილდტმა უპასუხა - ”როგორც იცით, ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა - შერჩევით სამართალს არავინ მოითმენს. ჩვენი მხრიდან ეს მესიჯი ძალიან ხმამაღლა და ცხადად გაკეთდა როგორც აქ, ასევე სხვა ქვეყნებში. რა შეიძლება, მოხდეს ახლა. თქვენ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეთ, რაც უფრო ახლო ურთიერთობებს გულისხმობს - იქნება უფრო ინტენსიური კონტაქტი, უფრო ღრმა პოლიტიკური დიალოგი და ეს კარგია. ეს საკითხებიც გაზრიდილი ყურადღების საგანი გახდება, ვინაიდან ეს ურთიერთობა ღირებულებებს ემყარება. მოვლენების ამ მიმართულებით განვითარებას შედეგები ექნება და ჩვენს ურთიერთობაზე გავლენას მოახდენს. მე ეს დღევანდელ შეხვედრებზეც ვთქვი. ბატონი ჰამარბერგისგან და სხვებისგან ვიღებთ რეკომენდაციებს, ზოგიერთი მათგანი სწორედ ამ პრობლემას ეხება დამნიშვნელოვანია, რომ ამ რეკომენდაციებს მოუსმინონ და პატივი სცენ - ესეც იმ ურთიერთობის ნაწილია, რომელიც ახლა ყალიბდება”, - თქვა კარლ ბილდტმა. 

კომენტარები