კარლ ბილდტის ვიზიტი

დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტს შეხვდნენ. მათ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის, ასევე მიმდინარე არჩევნებისა და შიდა პოლიტიკური ვითარების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ის წვლილი აღნიშნეს, რომელიც კარლ ბილდტს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაში მიუძღვის. 

"კარლ ბილდტი არის იმ ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი არქიტექტორი, რომლის ფარგლებშიც ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას. ამიტომ, ამ ადამიანს უზარმაზარი ღვაწლი აქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს მუდმივად სრულად და კარგად ინფორმირებული ჩვენს პრიორიტეტებზე, ჩვენს პრობლემებზე, იმაზე თუ რა გეგმები აქვს საქართველოს მის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და რა მდგომარეობაა საქართველოს შიგნით შიდა განვითარების კუთხით. სწორედ ეს იყო ძირითადი საკითხები, რაზეც ვისაუბრეთ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გაგრძელება, ევროპული პერსპექტივა, ასევე საფრთხეები, რომელიც არსებობს საქართველოში რუსეთთან და რუსული პოლიტიკიდან გამომდინარე და ბუნებრივია, მიმდინარე არჩევნები და შიდა პოლიტიკური სიტუაცია. გვქონდა ძალიან კარგი და გულახდილი საუბარი, ვინაიდან კარლ ბილდტი არის ის ადამიანი, რომელსაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი აქვს გაკეთებული საქართველოს წარმატებისთვის და ვისი უზარმაზარი წვლილიც არის იმ ხელმოწერაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას თქმით კი, კარლ ბილდტი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან რადოსლავ სიკორსკისთან ერთად არის თანაავტორი აღმოსავლეთ პარტნიორობის იდეისა, "რისთვისაც მას დიდი მადლობა ეკუთვნის თითოეული ჩვენგანისგან". ბოკერიას თქმით, კარლ ბილდტი აგრძელებს საქართველოს მხარდამჭერად ყოფნას საქართველოს საბოლოო ინტეგრაციამდე. 

"ეს მისია, როგორც მოგეხსენებათ, არ არის დამთავრებული, ამიტომ კარლ ბილდტთან შეხვედრა და დისკუსია იმ თემებზე, რაც არის ჩვენი მთავარი საგარეო გამოწვევები ამ გზაზე და ასევე საშინაო გამოწვევები, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენივე მთავრობისგან მომდინარეობს და ყველა ამ საფრთხეზე, ყოველთვის ძალიან საინტერესოა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

კარლ ბილდტი საქართველოს დღეს ეწვია. ის თბილისიდან უკრაინაში გაემგზავრება. 

კომენტარები