ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის თარიღი შემაჯამებელი ოქმის მიღების და ყველა სასამართლო დავის დასრულების შემდეგ გამოცხადდება. თამარ ჟვანია გიგი უგულავას მოთხოვნას საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უგულავას განცხადება საკანონმდებლო ჩარჩოებს სცილდება.
"ცესკო ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის, კერძოდ, გიგი უგულავას განცხადებას და აღნიშნავს, რომ მის მიერ გაკეთებული შეფასებები და მოთხოვნა საკანონმდებლო ჩარჩოებს სცილდება. აქედან გამომდინარე, მივმართავ ყველა საარჩევნო სუბიექტს, მეტი კომპეტენცია და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ საარჩევნო საკითხებზე მსჯელობისას და არ შეაფასონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა არ წარმოადგენს ცესკო-ს თავმჯდომარის კომპტენციას, და არ არის დამოკიდებული კომისიის მოქნილობაზე. ცალსახად განვმარტავთ, რომ არჩევნების მეორე ტურის თარიღი გამოცხადდება კანონმდებლობის შესაბამისად, შემაჯამებელი ოქმის მიღების და ყველა სასამართლო დავის დასრულების შემდეგ. ცესკო არის დამოუკიდებელი ორგანო, მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში და შესაბამისად, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ან მათი განცხადებები ვერ იქონიებს გავლენას", - განაცხადა ჟვანიამ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის თარიღის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის უფლებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, ენმ-ს აქვს სრულიად ლოგიკური და ლეგიტიმური მოთხოვნა ცენტრალური საარჩევნიო კომისიის მიმართ, უმოკლეს ვადებში დაასახელოს არჩევნების მეორე ტურის თარიღი.
"ჩვენი ინფორმაციით, მთავრობამ მოახდინა ზეწოლა თამარ ჟვანიაზე. მთავრობის მოთხოვნა იყო 12 ივლისი, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება არსებულ წესებს და პროცედურებს. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ სუბიექტს შედეგები გასაჩივრებული აქვს სასამართლოში და მიმდინარეობს ხელახალი გადათვლები; შესაბამისად, შეუძლებელია, 19 ივლისზე ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნოს არჩევნების მეორე ტური", - აღნიშნა უგულავამ და დასძინა, რომ ამ თარიღის ცოდნას აქვს პრინციპული მნიშვნელობა.





