ენმ: მეორე ტურში ისევ გამარჯვებისათვის ვიბრძოლებთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, დღევანდელი თვითმმართველობის არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები აჩვენებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეორე ტურის ძალიან დიდი ალბათობაა. ამასთან, პარტიის შეფასებით, "არჩევნებზე მისვლის ძალიან დაბალი მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას ნდობის ღრმა კრიზისი აქვს".

ენმ-ის განცხადებით, "დღევანდელ არჩევნებზე დიდი გავლენა მოახდინა არადემოკრატიულმა, გაუარესებულმა საარჩევნო გარემომ, რომელიც აღსავსე იყო ძალადობით, კანდიდატებზე კარგად დოკუმენტირებული ზეწოლებითა და შანტაჟით და ხელისუფლების პირველი პირების ძალადობის გამამართლებელი განცხადებებით". პარტიის შეფასებით, იმის მტკიცება, რომ მეორე ტური არ იქნება მაშინ, როცა ამის ყველა წინაპირობა არსებობს, არის არაადეკვატური და არადემოკრატიული.

"პრემიერმინისტრის განცხადება მიანიშნებს, რომ არსებობს წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული ძალადობისა და ზეწოლის საარჩევნო კომისიებზე გადატანის რეალური ალბათობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეორე ტურში ისევ გამარჯვებისათვის იბრძოლებს, იმისათვის, რომ ავამუშაოთ საქართველო და მთავრობის მიერ ქვეყნის განვითარების შეფერხებას წერტილი დაუსვას" - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ორგანიზაცია GFK-ის ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, ზუგდიდის და ქუთაისის გარდა, ხუთი ქალაქის მერობის და გამგებლობის კანდიდატებს შორის, მეორე ტური გაიმართება. GFK-ს წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, რომელიც  ტელეკომპანია რუსთავი 2-მა დაუკვეთა, ქართული ოცნება სწორედ ამ ქალაქებში ლიდერობს. ეგზიტპოლის 18:00-ის შედეგების მიხედვით, სხვა ქალაქებში 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

ამასთან, უკვე გამოქვეყნდა GFK-ის გამოკითხვის საბოლოო შედეგები თბილისში. ეგზიტპოლის მიხედვით, დავით ნარმანიას ხმა გამოკითხულთა 45.9%-მა მისცა, ნიკა მელიას 27.6%-მა, დიმიტრი ლორთქიფანიძეს 10.1%-მა, ხოლო ირმა ინაშვილს 6.3%-მა.

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით Act-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით კი, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს დავით ნარმანიას ხმა ამომრჩეველთა 51,2%-მა მისცა.

ამასთან, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეგზიტპოლის 20:00 საათის მონაცემებით, თბილისში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატმა დავით ნარმანიამ გაიმარჯვა. ამის შესახებ პრემიერმა კოალიციის შტაბში გამართულ ბრიფინგზე თქვა და ნარმანიას გამარჯვებაც მიულოცა.

კომენტარები