ცესკო: ქართული ოცნების კანდიდატი ბიულეტენზე დარჩება და მის ხმებსაც დავითვლით

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კოალიციის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი კანდიდატად მაინც რჩება. ცესკოს სპიკერის ეკა აზარაშვილის განმარტებით, კანდიდატურის მოხსნის ვადები ამოწურულია, ბიულეტენების ბეჭდვა დაწყებულია და ცვლილებები ამ ეტაპზე შეუძლებელია. ბიულეტენზე თოფჩიშვილის გვარი მაინც იქნება.

"საჯარო განცხადებები, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ გაკეთდეს კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით, თუმცა ეს გავლენას ვეღარ მოახდენს ბიულეტენში არსებულ ჩამონათვალზე. შესაბამისად, ყველა ასეთი საჯარო განცხადების მიუხედავად, მაინც დარჩებიან კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში და საარჩევნო კომისია დაითვლის მათ ხმებსაც, როგორც ყველა დანარჩენის შემთხვევაში", - აცხადებს ცესკო-ს სპიკერი ეკა აზარაშვილი. 

ცნობისთვის, გუშინ კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა და მარნეულში კოალიციის კანდიდატს მერაბ თოფჩიშვილს ურჩია, ორი აზერბაიჯანელი ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნას კანდიდატურა. პოლიტსაბჭოს განმარტებით, ეს გადაწყვეტილება კოალიციამ ეთნიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მიიღო.  

აქვე შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს, მარნეულის საოლქო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს. 7 ივნისს, საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც. თუმცა, 10 ივნისს, საქალაქო სასამართლომ იმამკულიევი კანდიდატად აღადგინა.

კომენტარები