იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიესალმება მთავარი პროკურატურის მიერ საარჩევნო სუბიექტებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის 80 ფაქტის გამოკვლევას და ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით 100-ზე მეტი პირის გამოკითხვას. წულუკიანი მთავარი პროკურატურის ინფორმაციაზე დაყდნობით აცხადებს, რომ 80-დან 76 შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტებმა გამოკითხვისას არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია ზეწოლის შედეგად კანდიდატურის მოხსნის შესახებ და კანდიდატურის მოხსნის მიზეზად სხვადასხვა პირადი მოტივი დაასახელეს.
"მივესალმები მთავარი პროკურატურის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, შეესრულებინა უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია, რის შედეგადაც გორში, კანდიდატზე სავარაუდო ზეწოლის შესახებ საია-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმების პროცესში, პროკურორმა პირის გამოკითხვაში მონაწილეობა მიაღებინა თავად საია-ს, რომლის დროსაც საია-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზეწოლის შესახებ ზეწოლის სავარაუდო მსხვერპლმა არ დაადასტურა. მივესალმები მთავარი პროკურატურის ინიციატივას, სურვილის შემთხვევაში, პოლიტიკურ აქტივისტებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმების პროცესში, გამოკითხვის პროცესში ჩართონ ინფორმაციის მომპოვებელი არასამთავრობო ორგანიზაციაც, როგორც ეს მოხდა საია-ს შემთხვევაში. მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, კვლავ ინტენსიურად გააგრძელოს პირთა გამოკითხვა სავარაუდო ზეწოლის შესახებ უწყებათაშორის კომისიაში შემოსული ყველა ფაქტის გამოკვლევის მიზნით და ბოლომდე მიიყვანოს მოქმედებები იმ 4 საქმეზე, რომლებზეც უკვე დაიწყო გამოძიება", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა არჩევნებამდე სამი დღით ადრე გამართულ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ ფაქტების გადამოწმების პროცესში გამოიკვეთა შემაშფოთებელი ფაქტები.
"კერძოდ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ოზურგეთის დეპუტატობის კანდიდატმა - კახა კილაძემ განმარტა, რომ მის მიერ კანდიდატურის დაყენება და შემდეგ მოხსნა წინასწარ იყო შეთანხმებული ნაციონალურ მოძრაობასთან და რომ ის ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ხედავს. მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, რომ გააგრძელოს მუშაობა ამ მიმართულებით, რათა გამოირკვეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან წინასწარ დაგეგმილ სცენარს კანდიდატების დაყენების, ხოლო შემდეგ მოხსნის შესახებ ვითომ ზეწოლის მოტივით", - თქვა წულუკიანმა.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 80-დან 76 შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტებმა არ დაადასტურეს ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ან სხვა პირთა მხრიდან ზეწოლის შედეგად კანდიდატურის მოხსნის შესახებ. მთავარი პროკურატურის განმარტებით, უწყებამ საარჩევნო სუბიექტების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის 80 ფაქტი გამოიკვლია. აქედან, ოთხ შემთხვევაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით, რაც გულისხმობს ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას. პროკურატურა აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული, ასევე მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით, გამოიკითხა 100-ზე მეტი პირი, რომელთა შორის იყვნენ არა მხოლოდ შესაძლო ზეწოლის მსხვერპლები, არამედ ყველა ის პირი, რომელსაც მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით ჰქონდა რაიმე ინფორმაცია.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები რამდენიმე კვირაა საუბრობენ იმის შესახებ, რომ მათი კანდიდატები კანდიდატურებს ხსნიან და არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ზეწოლის გამო ამბობენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მეორე შუალედური დასკვნის მიხედვით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, სავარაუდო ზეწოლის გამო, კანდიდატურა 52-მა კანდიდატმა მოხსნა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გრძელვადიანი დამკვირვებლების ინფორმაციით კი, 30-ზე მეტმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა პოლიციის სავარაუდო ზეწოლის გამო მოხსნა. NDI-ის ანგარიშის მიხედვით, საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი სხვადასხვა მიზეზით 400-მდე კანდიდატმა თქვა. ხოლო საიას ცნობით, ასეთი 527 ფაქტი დაფიქსირდა.





