პრემიერი: ენმ-ის მიმართ ემოციები შეიკავეთ, ჩვენ დავსჯით დამნაშავეებს

Irakli Garibashvili official/Facebook.com

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ აგრესიულად განწყობილ ხალხს" ემოციების შეკავებისკენ მოუწოდებს. როგორც ბათუმში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, სამართლიანობა კანონის სრული დაცვით უნდა დამკვიდრდეს. 

"მე მესმის, რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან დაძაბულია. მათ აქვთ ძალიან დიდი აგრესია წინა ხელისუფლების მისამართით. მაგრამ მე გთხოვთ, ემოციები შევიკავოთ და გპირდებით, რომ სახელმწიფო და ჩვენ აღვკვეთავთ იმ უსამართლობას, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაბუდებული ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გავცემთ მათ პასუხს კანონის შესაბამისად და ყველა დამნაშავეს სამაგალითოდ დავსჯით", - მიმართა მხარდამჭერებს პრემიერმა. 

ცნობისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა ან ქართული ოცნების აქტივისტებმა მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრა ჩაუშალეს. პაუზის შემდეგ, აღნიშნული შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა ბოლო დღეებში. მაგალითად, 6 ივნისს, ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან აქცია გამართეს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, გაუჩინარებული პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. მათ ოფისში მყოფ პირებს ქვები დაუშინეს. ენმ-ის განცხადებით, "აქტივისტებს მეთაურობდნენ კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტები და ლიდერები თენგო აბულაძე და მანუჩარ მალანია, ახალსოფლის თვითმმართველობის სპეციალისტი ბესო კოზუა". მათ ოფისში შეჭრისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს სალომე მაქაცარიას.

გარდა ამისა, 7 ივნისს, ბათუმში, ენმ-ის ლიდერებს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები თავს დაესხნენ. გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და გიორგი ბარამიძე ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ, როცა შეხვედრისას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავს დღესაც, 9 ივნისს, ამჯერად ცაგერში დაესხნენ. პარტიის ინფორმაციით, გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას მოსახლეობასთან შეხვედრისას დახვდნენ ქართული ოცნების წევრები და წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადეს. მათ ენმ-ის ლიდერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს.

კომენტარები