NATO-საქართველოს ურთიერთობა

ალასანია: სექტემბრამდე, MAP-ის შესახებ ყველანაირი განცხადება ნაადრევია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხზე ყველა განცხადება, დადებითი თუ უარყოფითი, ნაადრევია. მისი თქმით, საქართველოს პარტნიორთა უმეტესობამ NATO-ში ღიად დააფიქსირა, რომ საქართველო მზად არის MAP-სთვის.

"მე გუშინწინ ვიყავი NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე. იქ ძალიან ნათლად გამოჩნდა - ჩვენი პარტნიორების უმეტესობამ ღიად დააფიქსირა, რომ საქართველო მზად არის MAP-თვის. გარდა ამისა, სულ რაღაც ერთ კვირაში უკვე ცნობილი გახდება NATO-ს შეფასება სხვა კანდიდატ ქვეყნებზე, მათ შორის - საქართველოზე. ამის შემდეგ დაიწყება უკვე ფორმალური დისკუსიები შემდგომი გაფართოების პერსპექტივებზე. აბსოლუტურად ნაადრევია ყველა განცხადება, დადებითი თუ უარყოფითი, ამ საკითხზე. მე გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, რომ სექტემბრამდე ალბათ ეს რთული მოლაპარაკებები გაგრძელდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

როგორც 2 ივნისს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, NATO-ს წევრი ქვეყნები უელსის სამიტზე ხაზს გაუსვამენ იმას, რომ საქართველო კარგი პარტნიორია. როგორც მერკელმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, ამის გამოსახატად, MAP-ის გარდა, სხვა შესაძლებლობებიც არსებობს. გერმანიის კანცლერმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ MAP-ის მინიჭების საკითხი NATO-ს უელსის სამიტის თემა არ იქნება.

ამასთან, 30 მაისს, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უყარა NATO-ს გაფართოების დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ასამბლეა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი და ამ გზაზე, უელსის სამიტზე მიენიჭოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP). დეკლარაციას ასამბლეის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ასამბლეამ განაცხადა, რომ NATO-ს გაფართოება არ წარმოადგენს საფრთხეს სხვა ქვეყნებისთვის და პირიქით, ხელს უწყობს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას.

ასამბლეამ მოუწოდა NATO-ს წევრ სახელმწიფოებს, კიდევ ერთხელ დაადასტურონ ღია კარის პოლიტიკის და წევრობის მისწრაფებების მქონე ქვეყნების ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერა.

კომენტარები