პრემიერი მარნეულში: მე ვიქნები არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების გარანტი

"მე ვიქნები იმის გარანტი, რომ არჩევნები თავისუფალ, ჯანსაღ გარემოში ჩატარდება და მარნეულს ეყოლება ხალხის მიერ არჩეული წინამძღოლი", - მიმართა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულის კულტურის სახლში შეკრებილ მოსახლეობას. მისი განცხადებით, საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა და ნება ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელია.

"სახელმწიფომ მიიღო ახალი თვითმმართველობის კოდექსი, რომლითაც ხალხს საშუალება მისცა თვითონ განსაზღვრონ ის პიროვნება, რომელიც მის მუნიციპალიტეტს, მის ქალაქს ყველაზე მეტად სჭირდება", - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ დღეს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატი რეგისტრაციიდან მოხსნა. კომისიამ აჰმედ იმამ ყულიევისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების მიზეზად საქართველოში ცხოვრების საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობა დაასახელა. 

 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, იმამ ყულიევის არჩევნებიდან მოხსნას პოლიტიკური სარჩული აქვს და საარჩევნო კანონმდებლობის შერჩევითი ინტერპრეტაციაა. საარჩევნო ბლოკის ინფორმაციითვე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალი მამედოვი პირადად შეხვდა აჰმედ იმამ ყულიევს და მოსთხოვა კანდიდატურის მოხსნა. 
 
"ფოთსა და რუსთავში კოალიცია ქართული ოცნების მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ არც კი განიხილა საჩივარი, რომელიც ამ ორი პიროვნების საქართველოში ცხოვრების საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების საკითხს ეხებოდა. აკმამედ იმამყულიევის მიმართ ანალოგიური საქმის წარმართვას აშკარად პოლიტიკური სარჩული აქვს" - აცხადებს ენმ.
 
აღსანიშნავია, რომ 30 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ განცხადება გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აჰმედ იმამ ყულიევი ადასტურებდა, რომ მას ახლობლის მეშვეობით შეუთვალეს მოეხსნა კანდიდატურა, თუმცა მაშინ იმამ ყულიევი არ ასახელებდა, ვისგან მისდიოდა აღნიშნული შეტყობინება.

კომენტარები