საქართველო-ჩეხეთი

საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუბომირ ზაორალეკი მიიღო. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობა განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობას შეეხო. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა საქართველოს აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ლუბომირ ზაორალეკის თქმით, ჩეხეთი მზად არის, მაქსიმალური მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს და გაუზიაროს გამოცდილება ასოცირების ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის.

მხარეებმა ყურადღება რეგიონში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილეს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იმ პოზიციისთვის, რომელიც ჩეხეთს აქვს საქართველოს ევროპასთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოების თვალსაზრისით.

გიორგი მარგველაშვილმა და ლუბომირ ზაორალეკმა პრაღის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დროს განხილული საქართველოსთან დაკავშირებული საკითხებიც შეაჯამეს და სამომავლო პერსპექტივაზე იმსჯელეს.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ჩეხეთის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები