ოჯახური ძალადობა

ომბუდსმენი შსს-ს ქალებზე ძალადობასთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავებას სთხოვს

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველის განცხადებით, ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოდ მაღალია. ომბუდსმენი ბოლო პერიოდში საქართველოში ქალთა მკვლელობების ფაქტებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა ოჯახში ძალადობის ისეთი სასტიკი ფორმა, როგორიცაა მკვლელობა. 

ომბუდსმენის განცხადებით, არსებითია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართ დამკვიდრებული სიჩუმის კულტურის დანგრევა და ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრება შესაბამისი უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და მთლიანად საზოგადოების წარმომადგენლებში.

"მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს საზოგადოებასთან მუშაობა, რათა აღმოიფხვრას არსებული სტერეოტიპული მიდგომები და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში არსებული ბარიერები, რომ მსხვერპლებმა მიიღონ დროული და ეფექტიანი მხარდაჭერა და დახმარება.
განსაკუთრებული შეშფოთება მინდა გამოვთქვა ბოლო დროს ქალთა მკვლელობების შემთხვევების მზარდი ტენდენციის გამო და მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ დაიწყოს და უმოკლეს დროში უზრუნველყოს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საგანგებო სტრატეგიის შემუშავება, რაც არა მხოლოდ მომხდარი ძალადობრივი ფაქტების ეფექტური გამოძიების ჩატარებაზე იქნება კონცენტრირებული, არამედ მაქსიმალურად მოახდენს მსგავსი დანაშაულების პრევენციას", - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაძლიერდეს სოციალური მუშაკების როლი და ჩართულობა ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუშაობისას, ამოქმედდეს სოციალური მუშაკის ინსტიტუტი ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის.

"მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, სიღრმისეულად გააცნობიეროს ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო ტენდენციის მასშტაბები და მიმართოს ყველა ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს საერთაშორისო კონვენციებით აღებული ვალდებულებების განუხრელი შესრულება და შეიმუშაოს შედეგზე ორიენტირებული, ყოვლისმომცველი სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად.
2014 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისათვის სათანადო მექანიზმების გამოყენების აუცილებლობასთან დაკავშირებით 4 წინადადება გააგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. აპარატი აგრძელებს მუშაობას და შეისწავლის ყველა შემთხვევას სათანადო რეაგირებისათვის", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2013 წელს საქართველოში დაფიქსირდა ქალთა მკვლელობის 21 შემთხვევა, მათ შორის ქმრის მიერ ცოლის - 8, ხოლო შვილის მიერ დედის - 1 შემთხვევა. წელს კი, მხოლოდ ქმრის მიერ ცოლის/ყოფილი ცოლის მოკვლის/დაჭრის ათზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც ქობულეთში, ქმარმა მეცხრე შვილზე ორსულად მყოფი ცოლი მოკლა, ცოტა ხანში კი, თავადაც თავი ჩამოიხრჩო.

კომენტარები