ასოცირების შეთანხმება

პრემიერი: ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე პრეზიდენტთან არ გვიმსჯელია

პრემიერის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის საკითხზე მთავრობას პრეზიდენტთან არ უმსჯელია. ამის შესახებ პრემიერმა ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას თქვა და აღნიშნა, რომ კოალიციის და მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს თავად მოაწერს.

"ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს პრემიერმინისტრი, ანუ მე... პრეზიდენტთან მსჯელობა არ ყოფილა, ამ საკითხზე მთავრობამ და გუნდმა ვიმსჯელეთ. მე აგრეთვე გახლავართ კოალიციის ლიდერი, ჩვენს გუნდშიც ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ პრემიერი მოაწერს ხელს ამ ხელშეკრულებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა და ყველას სთხოვა, "დაასრულონ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე სპეკულირება".

პრემიერის თქმით, "ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა იმას, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას".

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს პრემიერმინისტრი მოაწერს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტი, ყველა სახის საერთაშორისო მოქმედებები მთავრობასთან შეთანხმებით ხორციელდება და პრეზიდენტის ხელმოწერა აუცილებლად საჭიროებს პრემიერის კონტრასიგნაციას.

თადუმაძის თქმით, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცედურებზე პრეზიდენტს არ მიუღია გადაწყვეტილება მოლაპარაკების წარმოებაზე და მთავრობასაც არასოდეს მიუცია მისთვის უფლებამოსილება - ევროკავშირთან მოლაპარაკებები განეხორციელებინა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელს საქართველოს პრემიერი მოაწერს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღის განმავლობაში უპასუხებს.

ტაბულას კითხვაზე: როგორ აფასებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობის გადაწყვეტილებას, გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურში უპასუხეს, რომ "განცხადება აუცილებლად გავრცელდება დღის განმავლობაში".

კომენტარები