გენერალური ინსპექცია

ხიდაშელი: უნიფიცირებული გენერალური ინსპექციის მოდელი განიხილება

ხელისუფლება უნიფიცირებული გენერალური ინსპექციის ჩამოყალიბების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა. როგორც ხიდაშელი ამბობს, ერთ-ერთ ვარიანტად აუდიტის სამსახურის მოდელი განიხილება. მისი თქმით, გენერალურ ინსპექტორს პარლამენტი დანიშნავს, მას სრულყოფილი კონტროლის და გამოძიების ფუნქცია მიენიჭება. პარლამენტარის ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის სხვა ვარიანტების განიხილება.  

"მთავრობა ერთიანი უნიფიცირებული გენერალური ინსპექციის შესახებ მნიშვნელოვან აქტს ამზადებს. ეს იმ ხაზის ნაწილია, რაც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს აღებული. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს ეს მაკონტროლებელი ფუნქცია და გარეთ მყოფი ორგანოს მხრიდან დამოუკიდებელი გამოძიების, მოკვლევის შესაძლებლობა გაჩნდეს", - აღნიშნავს ხიდაშელი.

დეპუტატი მოქმედი მოდელის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ, როდესაც სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში რაიმე საჩივარი შედის, შემდეგ სულ პრობლემაა, რადგან თანამდებობის პირი მინისტრის დანიშნულია და საჩივრის შეტანას აზრი არა აქვს, რადგან ის მის მიერ დანიშნული ადამიანის მიმართ გამოძიებას არ დაიწყებს.

"ამოცანა გვეუბნება, რომ ისეთი სისტემის მოგონებაა საჭირო, რომელიც ამ მთელი სტრუქტურების გარეთ ჩამოყალიბდება და დამოუკიდებელი იქნება", - თქვა თინა ხიდაშელმა.  

ხიდაშელის ინფორმაციით, ამ თემაზე მთავრობა მუშაობს. დისკუსია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი ჯგუფის ფარგლებშიც დაწყებულია.

კომენტარები