ასოცირების ხელშეკრულება

მაჭავარიანი: კონსტიტუციით, ეს ცალსახად პრეზიდენტის ხელმოსაწერი დოკუმენტია

ვანო მაჭავარიანი
interpressnews

პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის უფლება სწორედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს აქვს. მისივე თქმით, მთავრობასთან შეთანხმების შემთხვევაში, მარგველაშვილი შეთანხმების ხელმოსაწერად ბრიუსელში ვიზიტისთვის მზად არის. ამის შესახებ მან ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ისაუბრა. 

"27 ივნისს ევროკავშირის სახელმწიფო მეთაურების ძალან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება. შესაბამისად, გიორგი მარგელაშვილმა კონსტიტუციაზე დაყრდნობით გააკეთა განცხადება, რომ როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მას აქვს უფლება მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის გაზიარებული ბევრი კონსტიტუციონალისტის მიერ და ვფიქრობთ, რომ ეს არის ის, რაც უნდა დაფიქსირებულიყო. ეს არის ცალსახად პრეზიდენტის ხელმოსაწერი დოკუმენტი, კონსტიტუციის მიხედვით. მაგრამ ამავე დროს ეს ხდება მთავრობასთან შეთანხმებით და თუ იქნება ეს შეთანხმება, რა თქმა უნდა პრეზიდენტი მზადაა ბრიუსელში ეს ვიზიტი განახორციელოს. თუმცა, ამავე დროს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თქვა, რომ არ დაიწყებს ის ამაზე გამოდავებას", - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ზემოაღნიშნულ საკითხს განიხილავენ. "დარწმუნებული ვარ, რომ ეს თემა გადაწყდება ზუსტად სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. პრეზიდენტს აქვს პოზიცია, რომ არ იქნება ეს რთული თემა. საკითხი არ არის ჯერ ცალსახად გადაწყვეტილი. ჩვენ გვექნება ამაზე საუბარი. 27 ივნისამდე არის დრო იმისთვის, რომ გადაწყვეტილება იყოს მიღებული", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები