ფარული მოსმენები

მარგველაშვილი: მოსმენებზე ცვლილებები აღმასრულებელი ხელისუფლების ინტერესშია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების, რაც შეიძლება, დროულად მიღებისკენ მოუწოდებს.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს შევხვდი, რომლებიც ამ კანონმდებლობის ერთ-ერთი ინიციატორები იყვნენ, წამოწყებაში მათ მხარი დავუჭირე. შემდეგ საკითხი პარლამენტში წავიდა და რამდენადაც ვიცი, ერთი გამონაკლისის გარდა იქაც კონსენსუსი შედგა. მაგრამ, ვფიქრობ, შეთანხმება შესაძლებელია. სამწუხაროა, რომ პარლამენტში კვორუმი არ შედგა. პარლამენტს მოვუწოდებ, საკანონმდებლო ცვლილებები, რაც შეიძლება დროზე მიიღოს", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტი ამბობს, ქართული ოცნების წევრი შალვა შავგულიძე  ამ საკითხში აქტიური იყო. ამასთან, მარგველაშვილის თქმით, კონსულტაციები იმ ადამიანებთან მიმდინარეობდა, ვისაც მართლწესრიგის დაცვის ვალდებულება აქვთ.

„აქ ორი ღირებულებაა – ერთის მხრივ, ადამიანის უფლებების დაცულობა და მეორეს მხრივ – საზოგადოებრივი წესრიგი. ჩვენ ორივე გვაინტერესებს“, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

მარგველაშვილის თქმით,  კანონპროექტის დროულად მიღება აღმასრულებელი ხელისუფლების ინტერესშია. „ვიცით, რომ ეს მოსმენის საშუალებები ძალიან განვითარებულია და შეიძლება, არა მხოლოდ სახელმწიფოს ჰქონდეს, არამედ მესამე პირებსაც. კანონმდებლობაში, როდესაც ხარვეხებია, ხელს ყოველთვის ხელისუფლებისკენ გაიშვერენ“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.

კომენტარები