საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი ოკუპირებულია და აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ თავდაცვის სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტი ჰქონდეს. ამასთან, ირაკლი ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ეკონომიკით თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა შესაძლებელი იქნება.
"დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ეკონომიკა მოგვცემს საშუალებას, 2% და 2%-ზე ზევით გვქონდეს ჩვენი თავდაცვისთვის გამოყოფილი სახსრები. საქართვეელო არის განსხვავებულ პოზიციაზე ნებისმიერი სხვა ქვეყნისგან - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი არის ოკუპირებული მტრის შეიარაღებული ძალების მიერ. აქედან გამომდინარე, აბსოლიტურად ლოგიკურია, რომ ჩვენ გვქონდეს გაზრდილი თავდაცვის ბიუჯეტი, ასევე, ეს არის სტანდარტი, რომელიც ჩვენს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აუცილებლად უნდა გააკეთოს საქართველომ", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ქვედა ზღვარი კანონით იქნება დადგენილი. ამას "საქართველოს თავდაცვის შესახებ" ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც განსახილველად პარლამენტში უკვე შევიდა. პროექტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს ყოველწლიური ბიუჯეტი შესაბამისი წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.





