საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრი: ადგილობრივი წარმოების გარეშე ეკონომიკა წინ ვერ წავა

საქართველოს მთავრობა ახალ პროგრამას "აწარმოე საქართველოში" იწყებს. ამის შესახებ დღეს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი საწარმოების ამუშავება და მოსახლეობის დასაქმება. 

"ადგილობრივი წარმოების გარეშე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წინ ვერ წავა და მთავრობას ძალიან კარგად ესმის ეს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი ხალხისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი საწარმოების ამუშავებას და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის გაჩენას, ადამიანების დასაქმებას.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლაპარაკი გვესმოდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობაზე, წლების განმავლობაში ვერა და ვერ მოხერხდა მცირე და საშუალო საწარმოების ქმედითი დახმარება, არ ხდებოდა მათი წახალისება და მხარდაჭერა. ამიტომაც, სრულიად ბუნებრივად, ბიზნესის ეს კატეგორია მსხვილ საწარმოებთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში აღმოჩნდა.
ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ფიქრი, როგორ უნდა შეგვეცვალა ეს ვითარება და რა ნაბიჯები იქნებოდა საჭირო, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაგვეძლია ეს პრობლემა, ამავე დროს, ბიზნესმენებისთვის მიგვეცა სტიმული საქართველოში წარმოების, და მათ შორის ტრადიციული წარმოების, განვითარებისა და აღორძინებისათვის", - განაცხადა მან. 

მისი თქმით, მთავრობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას და წარმოების წახალისებას. 

"არ არის დასამალი, რომ ხშირად შემოდის დაბალხარისხიანი, ან მეტიც, უხარისხო პროდუქტი. ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელიც ყოველთვის განთქმული იყო, სხვაზე რომ არაფერი ვთქვა, თუნდაც მაღალხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით. ჩვენი პროდუქციის წარმოებას უნდა შევუწყოთ ხელი, აი, ეს უნდა წავახალისოთ და ძირითადად ამას გულისხმობს და ამას ემსახურება ჩვენი პროგრამა "აწარმოე საქართველოში". 

ვიცი, რომ ბევრი ბიზნესმენი დღეს უცხოური პროდუქტის შემოტანით არის დაკავებული. სწორედ ასეთ ხალხს ვთავაზობთ, ნაცვლად იმპორტით დაკავებისა, თავად აწარმოონ საქართველოში, შექმნან საწარმოები და ისეთი პროდუქცია აწარმოონ, რომ პირიქით, თვითონ შეძლონ ამ პროდუქციის ექსპორტზე გატანა.

მინდა გითხრათ, რომ ამ იდეის შესახებ ბევრს ვფიქრობდი. შემდეგ ინიციატივით მივმართე ეკონომიკის სამინისტროს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა რეგიონში, შემდეგ ყველა რაიონსა და ბოლოს ყველა სოფელში აღვადგინოთ ქართული წარმოება და ხელი შევუწყოთ მის აღორძინებას. ეს არის ჩემი ოცნება და ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ ამ პროექტებზე!

პროგრამის წარმატებით განხორციელება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მოიტანს ხალხისთვის დამატებით შემოსავლებსა და მატერიალურ კეთილდღეობას. ამ პროგრამისთვის ჩვენ ჩავატარეთ წინასწარი სამუშოები - განვახორციელეთ სხვადასხვა კვლევა, გავაანალიზეთ მონაცემები, შევისწავლეთ მეწარმეების მოსაზრებები. კვლევებში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა დარგის ექსპერტები. მხოლოდ ამის შემდეგ განვსაზღვრეთ ამ პროგრამის მიმართულებები. 
მიმართულებებზე უფრო დაწვრილებით ცოტა მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრი მოგვახსენებს. მაგრამ მაინც მინდა რამდენიმეზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. ეს არის, პირველ რიგში, ლითონის მზა ნაწარამი, რეზინისა და პლასტმასის წარმოება, კერამიკული ნაწარმი, ბუნებრივი ქვები - მარმარილო, გრანიტი და სხვა. ეს პროდუქცია ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენში მაღალი ხარისხით. გარდა ამისა, ყოველთვის ხარისხიანად ითვლებოდა ჩვენი აბრეშუმი, შალი, ტყავის ნაწარმი. გვაქვს აგრეთვე ხის დამუშავების და ავეჯის წარმოების გამოცდილებაც. ასევე მინდა აღვნიშნო სოფლის მეურნეობაში სასათბურე მეურნეობა; ხილის, ციტრუსის გადამმუშავებელი საწარმოები და მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმები, მეფრინველეობის ფაბრიკები. ჩვენ ეს დარგები უნდა განვავითაროთ, უნდა ავაღორძინოთ".

"ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას და მივიღოთ უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქცია. პროგრამა "აწარმოე საქართველოში" უნდა გახდეს საბოლოოდ ქართული ბრენდი - "წარმოებულია საქართველოში". ამ ნიშნით გამოშვებული ნაწარმი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, დააკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას და წარმატებით გაუწევს კონკურენციას უცხოურ პროდუქციას არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. 
ჩვენ უნდა წარვსდგეთ მსოფლიოს წინაშე ჩვენი შესაძლებლობებით. ამიტომაც, ჩვენი მიზანია, ასევე, რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენმა მეწარმეებმა მოახდინონ საკუთარი ბიზნესის ინტერნაციონალიზაცია. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი სამრეწველო პოტენციალის რეალიზება, ჩვენი რესურსების გამოყენება და, მერწმუნეთ, საქართველოს ნადვილად აქვს ამის შესაძლებლობა", - აღნიშნა პრემიერმა. 

პრემიერის განცხადებით, ამ პროგრამისთვის 46 მილიონია გათვალისწინებელი, რომელიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას და იმპორტის ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. 

კომენტარები