შსს

შსს-მ ენმ-ის შტაბის გაქურდვის ბრალდებით მათივე პარტიის აქტივისტი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის გაქურდვაში ბრალდებული დააკავა.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე ამავე პარტიის შტაბის აქტივისტი აიყვანეს.

"შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მერვე განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის გაქურდვის ფაქტზე, ამავე შტაბის აქტივისტი, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი კ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი კ. თბილისში, ვარკეთილის მასივში მდებარე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბიდან 12 მაისს, ღამის საათებში, ლენოვოს ფირმის 2 პორტატული კომპიუტერი და HP-ის ფირმის 2 პრინტერი ფარულად მიითვისა და მიიმალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ნივთები მან თბილისის სხვადასხვა ლომბარდში ჩააბარა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ქურდობაში ბრალდებული მომხდარიდან ორ დღეში, ხაშურში დააკავეს. ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს", - აცხადებენ უწყებაში და აღნიშნავენ, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 2-ე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები