სახელმწიფო და ეკლესია

უსუფაშვილი: სტერეოტიპი, თითქოს დასავლეთი მართლმადიდებლობის მტერია, დასანგრევია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, სტერეოტიპი, თითქოს დასავლეთი მართლმადიდებლობის მტერია, ხოლო იმპერიალიზმი და კომუნიზმი - მართლმადიდებლების გადამრჩენი, გადასახედი და დასანგრევია. როგორც უსუფაშვილმა ქორთიარდ მარიოტში მიმდინარე სიმპოზიუმზე განაცხადა, "ქართულ სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას არსებობის უდიდესი ისტორიული გამოცდილება აქვთ, თუმცა, ორივეს აკლია ერთი რამ: ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობის გამოცდილება". მისი თქმით, გარე ფაქტორების გამო, სახელმწიფოს და ეკლესიას ეს გამოცდილება 200 წლის განმავლობაში არ ჰქონიათ.

"ამიტომ დამკვიდრდა უცნაური ვითარება საქართველოში - ფორმით დასავლურ ინსტიტუტებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს ვაშენებდით, ხოლო შინაარსით - საბჭოთა ფასეულობები და კომუნისტური მენტალიტეტი სჭარბობდა ჩვენს მოქმედებებში. აქედან მოდის სხვა სტერეოტიპები, როგორიცაა, მაგალითად, თითქოს დასავლეთი მართლმადიდებლობის მტერია; იმპერიალიზმი და კომუნიზმი - მართლმადიდებლების გადამრჩენი და შემფარებელი. ეს სტერეოტიპები გადასახედი და დასანგრევია, რადგან ქრისტიანობისგან დამოუკიდებლად ვერ შეიქმნება თავისუფლებას დამოკიდებული ღირებულებითი სისტემა, ხოლო თავისუფლებაზე დაფუძნებული ღირებულებითი სისტემის გარეშე ვერ შეიქმნება ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც აღიარებს რელიგიის, რწმენის თავისუფლების და აღიარებს იმ მთავარ ღირებულებას, რაც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და ქრისტიანული რელიგიისთვის არის მთავარი ღირებულება – ადამიანი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 12-19 მაისს საქართველოში ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეული აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა. ღონისძიებაში 14 ქვეყნის ღვთისმსახურები და მეცნიერები მონაწილეობენ.

კომენტარები