„მუდმივად მქონდა განცდა, რომ კიდევ გვისმენდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში ჩვენ ვიყავით“, - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა.
კობახიძის აზრით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ბერკეტი იმისა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მეშვეობით მოსმენები განეხორციელებინა.
რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით კობახიძე სრულფასოვანი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უნდა დადგენდეს, ვინ და რა დროს უსმენდა პარლამენტის თავმჯდომარეს, უშიშროების საბჭოს მდივანს, მინისტრებს და სხვა პირებს, ვინ გამოიტანა ჩანაწერები და რაში დასჭირდათ ამის გაკეთება.
"გამოძიებამ სრულად უნდა დაადგინოს, ვინ იწერდა, რა მიზნით, როგორ მოხდა ის კონკრეტული პირების ხელში. ნებისმიერ შემთხვევაში უკანონო მოსმენა, მიყურადება, ფარული ჩაწერა, რაზეც სასამართლოს ბრძანება არ არსებობს და არ აქვს კანონიერი საფუძველი, სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. არა მხოლოდ უკანონო მოსმენა-ჩაწერა, არამედ მისი შენახვა და გავრცელებაც ისჯება. შესაბამისად, ვის ინტერესებში შედიოდა ეს, რატომ ისმინებოდა, ვის ხელთ იყო, შემდეგ როგორ მიაწოდეს რუსთავი 2-ს, თუ სხვა პირს, ვინაც შემდგომ რუსთავი 2-ს მიაწოდა, ეს გამოძიების ჯაჭვია. ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ დაგეგმილს ჰგავს და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის არის გამიზნული“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
გარდა ამისა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მალე საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხებას ხელს აწერს „და ამ მოვლენის წინ ხდება ასეთი ტიპის სურათის დახატვა, რომ თურმე ხელისუფლება დემოკრატიული კი არა, ტოტალიტარულია, უსმენს ყველას – პარლამენტის თავმჯდრომარეს, მინისტრებს და ასე შემდეგ“.
„როგორც ჩანაწერების შინაარსიდან ჩანს, საუბრები განხორციელებულია იმ პერიოდში, როცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. სააკაშვილს უშუალოდ ექვემდებარებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და ამ სამსახურს ყველა ტექნიკური საშუალება ჰქონდა, რომ მოესმინა ყველასთვის. შესაბამისი აპარატურა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ინახებოდა, თავის დროზე ინახებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. ერთმანეთთან საუბრისას კიდეც ვხუმრობდით, რომ ალბათ კიდევ გვისმენენ. ეს განცდა მუდმივად მქონდა, რომ ეს ადამიანები კიდევ გვისმენდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში ჩვენ ვიყავით, რადგან მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი და მის სამსახურებს ყველა ტექნიკური საშუალება ჰქონდათ, რომ მოესმინათ", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ "ყველაფერს ძალიან მალე აეხდება ფარდა".





