წინასაარჩევნო გარემო

ირაკლი ღარიბაშვილი NDI-ის დელეგაციას შეხვდა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა პარტიას სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება მიეცეს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა NDI-ის დელეგაციასთან შეხვედრისას თქვა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამზადისი, პოლიტიკური სუბიექტების აქტივობა და საარჩევნო გარემო იყო.

ირაკლი ღარიბაშვილმა დელეგაციას ინფორმაცია წინასაარჩევნო დაკითხვა-დაკავებებზე გამოცხადებულ მორატორიუმთან დაკავშირებითაც მიაწოდა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცია, 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების წინ არსებული გარემოს შეფასების მიზნით, საქართველოს 27 აპრილს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს მართავს ხელისუფლებასთან, არჩევნებში მონაწილე კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

NDI-ის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი წევრი და NDI-ის ბორდის წევრი სემ გეჯდენსონი, არჩევნებისა და დემოკრატიის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტი რობერტ ადამსი, NDI-ის ევრაზიის რეგიონული პროგრამების დირექტორი ლორა ჯუიტი.

პრემიერმინისტრთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო, NDI-ის საქართველოს ოფისის საპარლამენტო პროგრამის ხელმძღვანელი ნინო ვარდოსანიძე და საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.

კომენტარები