კრიზისი უკრაინაში

პრორუსი ექსტრემისტები უკრაინის ერთიანობის მხარდამჭერ მსვლელობას თავს დაესხნენ

MARKO DJURICA / REUTERS

დონეცკში გუშინ საღამოს ბეისბოლის ჯოხებითა და ცივი იარაღით შეიარაღებული პრორუსი ექსტრემისტები თავს დაესხნენ უკრაინის ერთიანობის მხარდამჭერ მსვლელობას. ადგილობრივ მილიციას მათ შესაჩერებლად ზომები არ მიუღია. თავდამსხმელები დემონსტრანტებს სასტიკად გაუსწორდნენ, 12 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. პრორუსმა ექსტრემისტებმა ხუთი მძევალი აიყვანეს, რომლებიც დღეს დილით მოლაპარაკებების შემდეგ გაათავისუფლეს. 

ქალაქ ხარკოვის მერის მდგომარეობა კი, რომელიც გუშინ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, კვლავ ძალიან მძიმეა. ღამით გენადი კერნესი ისრაელის კლინიკაში მოათავსეს. ჰოსპიტალში იგი ხელოვნურ სუნთქვაზე იყო გადაყვანილი. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, თავდასხმის მოტივს შურისძიება წარმოადგენდა, რადგან კერნესმა სეპარატისტების მხარდაჭერაზე უარი თქვა. 

"მათ იგი სასიკვდილოდ გაიმეტეს და გულში ესროლეს. ის მხოლოდ შემთხვევის წყალობთ გადარჩა და ძალიან სერიოზულად დაშავდა. პოლიციამ ტყვია იპოვა, ის 7 და 62 კალიბრისაა, უეჭველია, სნაიპერის შაშხანიდან ესროლეს", - ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხაილ დობკინი.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კი, ამერიკელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრებიდან ჯარები უკან, დისლოკაციის ადგილებში გაჰყავს, რადგან უკრაინის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ჯარს მოსახლეობის წინააღმდეგ არ გამოიყენებს.

კომენტარები