აგრარული უნივერსიტეტის საჩივარი

გოცირიძე: არც გარანტიის გაგრძელების და არც თანხის წართმევის უფლება აქვთ

ეკონომიკის სამინისტრო აგრარულ უნივერსიტეტს ინვესტიციის დამადასტურებელ სერთიფიკატს არ აძლევს. ეკონომიკის სამინისტრომ აგრარული უნივერსიტეტის საჩივარის განხილვა დაიწყო, თუმცა, როგორც აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ ტაბულას უთხრა, უხერხული შეკითხვის დასმისთანავე, სხდომა დახურეს.

ინვესტიციების განხორციელების უზრუნველსაყოფად ცოდნის ფონდს ეკონომიკის სამინისტროში 400 ათას ლარიანი საბანკო გარანტია ჰქონდა წარდგენილი.  გოცირიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცოდნის ფონდმა ნაკისრი ვალდებულებები გადამეტებით შეასრულა და 8 მილიონი ლარის ნაცვლად, სასწავლებლის განვითარებაში 11 მილიონის ინვესტიცია განახორციელა (ამას, სამინისტროში წარდგენილი სამი აუდიტორული დასკვნა ადასტურებს), სამინისტრომ აგრარულ უნივერსიტეტს გარანტიის გაგრძელება მაინც მოსთხოვა.

„არც გარანტიის გაგრძელების და არც თანხის წართმევის უფლება აქვთ. მიუხედავად ამისა, აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე მოთხოვნა მივიღეთ - გარანტიის ვადა უკანონოდ უნდა გაგვეგრძელებინა, ან ამ ფულს წაგვართმევდნენ. უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ. ჩვენ გარკვეულწილად ამ პროცესის მძევლები ვართ და იძულებული გავხდით, ახალი გარანტია წარგვედგინა. ეს ჩვენთვის კონკრეტულ ფინანსურ ზიანს ნიშნავს“, - თქვა ლაშა გოცირიძემ. 

კომენტარები