ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკო-ში განაცხადი ამ დროისათვის 34-მა პოლიტიკურმა ძალამ შეიტანა. სპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, რეგისტრაციასთან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარე გადაწყვეტილებას მხარდამჭერთა სიების შემოწმების შემდეგ მიიღებს.
“განაცხადი შემოტანილი აქვს 34 პოლიტიკურ ძალას, მათ შორის არის 2 ბლოკი, დანარჩენი პარტიები. რაც შეეხება რეგისტრაციის ვადებს, განსხვავებული პირობებია პარტიებისთვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში, არ იღებდნენ მონაწილეობას ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და ასევე, არ არიან კვალიფიციური სუბიექტები. მათ ჯერ ცესკო-ში მხარდამჭეთა სიები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 26 აპრილისა. ამის შემდეგ შემოწმდება მხარდამჭერთა სიები და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, ცესკო-ს თავმჯდომარე მიიღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციასთან დაკავშირებით”, - თქვა აზარაშვილმა.
საინიციატივო ჯგუფების მიერ მხარდამჭერთა სიების წარდგენის ბოლო ვადა კი, 6 მაისია.





