ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ!

თავად რას აკეთებდით?! - "ეს შენ გეხება" ჭიკაიძეს პასუხობს

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სისტემური პრობლემები მართლაც იყო, რაც ახლაც გრძელდება. მაშინ, თავად, რას აკეთებდნენ?!“ - პასუხობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს. კამპანიის „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ!“  მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს სააგენტო პირველის პრესკლუბში უპასუხეს.

ჭიკაიძემ გაზეთ პრაიმტაიმთან ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. მინისტრი კამპანიის მონაწილეებს წინა წლებში ფარული მოსმენებისა და მიყურადების საკითხზე ნაკლები აქტიურობის გამო საყვედურობს. „სამწუხაროდ, ეს ადამიანები წინა წლებშიც აქ ცხოვრობდნენ, მაშინაც არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ, თუმცა ფარული მოსმენებისა და მიყურადების შესახებ მათი მხრიდან ასეთი აქტიურობა არ მახსოვს,“ - აღნიშნავს ჭიკაიძე.

კოჟორიძე დისკუსიაში იწვევს ყველას, ვინც ფარული მოსმენებისა და მიყურადების საკითხით არის დაინტერესებული. მისი თქმით, 2007-2011 წლებში საია-მ ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელი შეიტანა, რომელიც დაკმაყოფილდა.

„ამნეზია დაემართათ იმ პირებს, რომლებიც არარელევანტურ კითხვას (ეს ადამიანები აქამდე სად იყვნენ?) სვამენ,“ - თქვა პრესკონფერენციაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

როგორც გიგაური ამბობს, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მოსმენების საკითხზე არაერთი ანგარიში აქვს გამოქვეყნებული. გიგაურის ინფორმაციით, ამ საკითხის შესახებ ყველაზე მწვავე ანგარიშები ორგანიზაციას 2012 წელს ჰქონდა. „მაშინ ე.წ. შავი ყუთები პირველად ვახსენეთ,“ - დასძენს ეკა გიგაური. 

კომენტარები