სამართლიანობის აღდგენა

ვასაძე: შეიქმნას სამართლიანობის აღდგენის კომისია, რომელშიც პატრიარქიც შევა

პირველი რადიო

ბიზნესმენი ლევან ვასაძე სამართლიანობის აღდგენის კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც ვასაძე გაზეთ კვირის პალიტრაში გამოქვეყნებულ წერილში - "სამართლიანობის აღდგენა" - საუბრობს, კომისიაში უნდა შევიდნენ სახელისუფლებო სამივე შტოს ხელმძღვანელი და პატრიარქი. მისი თქმით, კომისიამ უნდა გამოიმუშაოს სამართლიანობის აღდგენის მეთოდიკა და აიყვანოს პროცესი სახელმწიფო პრიორიტეტის რანგში არა სიტყვებით, არამედ საქმით.

ბიზნესმენის შეფასებით, 2012 წლის ოქტომბერში ქართულმა ოცნებამ ნაციონალური მოძრაობა იმიტომ დაამარცხა, რომ ხალხს აღარ სურდა ეცხოვრა სახელმწიფოებრივ ტერორში და იმედი ჰქონდა, "მისი მაწამებელი და შეურაცხმყოფელი უზურპატორები დაისჯებოდნენ". ვასაძის თქმით, წელიწად-ნახევრის შემდეგ გამოჩნდა, რომ ტერორი ჯერჯერობით შეწყდა, მაგრამ სამართლიანობის სისტემური აღდგენის ნასახიც კი არ ჩანს. ბისნესმენის განცხადებით, "დასავლეთის დიდი წნეხის მიუხედავად, გაუგებარია, რატომ არ არის არანაირი სისტემური წინსვლა სამართლიანობის აღსადგენად". ვასაძის თქმით, "ხშირად გვესმის, რომ ჩვენს სახელმწიფოს ახლა არც მაგისთვის სცხელა და არც მაგის საკომპენსაციო ფული აქვს", მაგრამ ბიზნესმენის აზრით, "ქართველი საზოგადოებისათვის ფული არ არის მთავარი, მადლობა ღმერთს, ჯერ ასე არ გადავგვარებულვართ, გარედან ამის გამუდმებული მცდელობის მიუხედავად". 

"ბოდიში მაინც მოუხადონ ხალხს სახელმწიფოს სახელით, რადგან ახლა მას ისინი წარმოადგენენ.  მერე აიღონ და ყველა ის პოლიტიკოსი, მოსამართლე, პროკურორი და ბადრაგი გაასამართლონ კანონით, ვინც ამას სჩადიოდა, მათი უკანონო ქონების კონფისკაცია მოახდინონ და რამდენსაც შეძლებენ, იმდენი კომპენსაცია მისცენ ხალხს. სხვა სახის კომპენსაციებიც მოიფიქრონ, მაგალითად, სამართლიანობის აღდგენის კომისია შექმნან, რომელშიც შევლენ სახელისუფლებო სამივე შტოს ხელმძღვანელი და პატრიარქი და გამოიმუშაონ სამართლიანობის აღდგენის მეთოდიკა, ანუ აიყვანონ ეს პროცესი სახელმწიფო პრიორიტეტის რანგში არა სიტყვებით, არამედ საქმით. რეჟიმის მსხვერპლთ სიცოცხლის ბოლომდე საგადასახადო და სამედიცინო შეღავათები დაუწესონ და ა.შ. უამრავი რამის გაკეთება შეიძლება. და ჩვენი ზოგიერთი მოხელის გასაგონად ვიტყვი, ეს იქნება არა სახელმწიფოს ხარჯი, არამედ სახელმწიფოს მოგება, რადგან წელში გამართული, რეაბილიტირებული მოქალაქე მეტს შეიტანს იმ ბიუჯეტში, რომლითაც სახელმწიფო იკვებება. სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს, როდესაც გვესმის, ამდენს ჩვენი სასამართლო ვერ მოერევაო", - აცხადებს ვასაძე კვირის პალიტრაში გამოქვეყნებულ წერილში და აღნიშნავს, რომ "სააკაშვილის სასამართლო 330 000 კაცის უკანონო დატუსაღებასა და გაწეწვას მოერია".

კომენტარები