გიგა ბოკერიას დაკითხვა

შოთაძე: ბოკერია დაკითხვაზე აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე დაიბარეს

ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნისა და ამჟამად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის, გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარების შესახებ, გუშინ, 4 აპრილს, მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ, ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში ისაუბრა. შოთაძის თქმით, ბოკერიას მოწმის სახით დაბარება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე მოხდა. 

„არანაირი პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არსებობს, არსებობს სისხლის სამართლის საქმეები, რომელზეც არის დანაშაულის ნიშნები, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ერთ-ერთი ფაქტი გახდა გიგა ბოკერიას დღეს დაბარების საფუძველი. კონკრეტულად საქართველოს პროკურატურაში შემოვიდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან შესაბამისი დასკვნა, სადაც ეჭვქვეშ არის დაყენებული უშიშროების საბჭოს სამდივნოს მიერ განხორციელებული ხარჯები, კონკრეტულად ეჭვქვეშ დგას საკმაოდ დიდი ოდენობის, საუბარია 18 მილიონის ხარჯზე, არამიზნობრივ ხარჯვაზე, შესაბამისად მისი დაბარება მოწმის სტატუსით დღესდღეობით განპირობებული იყო არა იმიტომ თუ რა თანამდებობა ეკავა მას ადრე, არამედ იქიდან გამომდინარე, რომ მის მიმართ არსებობს კონკრეტული კითხვები, ვინაიდან არსებობს კონკრეტული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი დასკვნა და იგი ვალდებულია, როგორც საქართველოს მოქალაქე პასუხი გასცეს ამ კითხვებს" - განაცხადა შოთაძემ. 

მთავარი პროკურორის მოადგილემ, წამყვანის კითხვაზე, თუ სად წავიდა აღნიშნული 18 მილიონი, განაცხადა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან ის არაუფლებამოსილი პირია, ხოლო საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.

შეგახსენებთ, რომ ბოკერიას მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარება მისი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებთან დაკავშირებით მოხდა. 

ბოკერიას დაკითხვა 5 საათი გაგრძელდა და 20 საათზე დასრულდა.

კომენტარები