პრეზიდენტის შეწყალება

შეწყალების მისაღებად დანაშაულის აღიარება და მონანიება სავალდებულო არ იქნება

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების ახალი წესი დაამტკიცა. პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, შეწყალების მისაღებად თავის დამნაშავედ ცნობა და მონანიების შესახებ განცხადებით მიმართვა სავალდებულო არ იქნება. ახალი წესით, მსჯავრებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება, ან მონანიება, შეწყალების თხოვნის განხილვისას მხოლოდ მხედველობაში იქნება მიღებული. თუმცა, შეწყალება იმ მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება, რომელიც შეწყალებას არ ითხოვს.

პრეზიდენტის 2004 წლის ბრძანებულების თანახმად კი, არა მხოლოდ თხოვნით მიმართვა, არამედ თავის დამნაშავედ ცნობა და ჩადენილი დანაშაულის მონანიების შესახებ განცხადებით მიმართვა აუცილებელი იყო.

შეწყალების ახალი წესი უვადო პატიმრებსაც ეხება. ახალი წესით, პრეზიდენტი უვადო პატიმრების შეწყალებას 15 წლის მოხდის შემდეგ შეძლებს. პრეზიდენტის ძალადაკარგული ბრძანებულება კი უვადო პატიმრებისთვის 25 წლის მოხდას ითვალისწინებდა.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, ახალი ბრძანებულების მიხედვით, სასჯელის ვადის ორი მესამედის მოხდის შემთხვევაში შეწყალება იმ პირებსაც შეეხებათ, ვის მიმართაც წინათ ამნისტია ან შეწყალება იყო გამოყენებული და ნასამართლობის მოხსნამდე განზრახ დანაშაული კვლავ ჩაიდინეს. პრეზიდენტის 2004 წლის ბრძანებულება ამ კატეგორიის მსჯავრდებულთა მიმართ შეწყალების გამოყენებას კრძალავდა. 

კომენტარები