ასოცირების შეთანხმება

ღარიბაშვილი: ჯერ არ გვიმსჯელია თუ ვინ მოაწერს ხელს ასოცირების შეთანხმებას

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჯერ არ უსაუბრიათ იმაზე, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელს პრეზიდენტი მოაწერს თუ პრემიერმინისტრი. 

"დეტალებზე საუბარი არ გვქონია, არ ვიცი. მთავარია იქამდე მივიდეთ. დეტალებზე არ არის მგონი საუბარი აუცილებელი", - განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელს საქართველოს პრემიერმინისტრი მოაწერს.

პეტრიაშვილის თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრი არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და მთავრობის ხელმძღვანელი.

"საქართველოს მთავრობა აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მიაღწია შედეგებს ასოცირების შესახებ შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი მოაწერს ხელს", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველივე პუნქტში, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს, წერია, რომ “საქართველოს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს”.

კომენტარები