NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარებაც განიხილეს და ამ ფონზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ასევე საუბარი შეეხო ქართულ-რუსულ ურთიერთობებს.
"ჩვენ ექსპერტებთან ერთად განვიხილეთ საქართველოს შიდა პოლიტიკა. ვიმსჯელეთ სასამართლო რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე, რათა საქართველოს დემოკრატიის ადაპტაცია მოხდეს დასავლური ქვეყნების მაგალითებთან. სასამართლო სისტემა საკმაოდ პრობლემატურია. ძალიან ბევრი მგრძნობიარე საკითხია ამ დროისთვის და ჩვენ ვცდილობთ გავერკვეთ, რა არის მთავარი მოტივაცია ამ საქმეების უკან. თუმცა სხვა საკითხებიც სენსიტიურია. არის მოთხოვნა დარეგულირდეს რუსეთთან ურთიერთობები. ასევე საჭიროა ქვეყანაში შეიქმნას სტაბილურობის განცდა, რათა ხელი შეეწყოს საქართველოს მიზნების მიღწევას", - განაცხადა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის ხელმძღვანელმა ჟოზე ლელომ.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის წევრების ვიზიტი თბილისში გუშინ დაიწყო და ხვალ დასრულდება.




